„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან

0
ვერ მიხვდებით სად და რა მომენტში შეიძლება შეხვდეთ კორონას – „პრაიმტაიმი“ ესაუბრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ექიმი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა უფიქსირდება. „თავს კარგად ვგრძნობ, განსაკუთრებული ჩივილები არ მაწუხებს, მხოლოდ დაბალი ტემპერატურა მაქვს. 31 მარტს ვიყავი სასწრაფოში მორიგე. გუშინ კი კორონავირუსი დამიდასტურდა, დამაკმაყოფილებელია ჩემი მდგომარეობა. მორიგეობის შემდეგ, ვიყავი თვითიზოლაციაში, მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში, გარდა სამსახურისა დანარჩენ დროს იზოლაციაში ვატარებდით, გაფრთხილებულები ვიყავით სასწრაფოდანაც, რომ თავი შეგვეკავებინა სადმე გასვლისგან, რომ არ შეიძლებოდა და მინიმალური კონტაქტები უნდა გვქონოდა. მეზობლებთანაც კი არ გვქონია კონტაქტი, მხოლოდ თანამშრომლებთან. რაც შეეხება კორონავირუსს, ეს ჩემთვის უჩვეულო მომენტი არ ყოფილა, მე ექიმი ვარ და ყოველთვის წინა ხაზზე ვარ, ყველა ექიმი შეგუებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს დღე ჩვენთვისაც შესაძლოა რომ დადგეს. თუმცა, ყველანაირად თავს ვიცავდით. სპეციალური პირბადით, ხელთათმანით და სათვალით დავდიოდი ყველა გამოძახებაზე. გარდა იმ აღჭურვილობისა, რომელსაც ჩვენი სამსახური უზრუნვეყოფს, ჩემი ინიციატივით, გამოვიწერე საკუთარი სკაფანდრიც, რომლითაც ვმოძრაობდი. ის მომენტიც ხშირად ყოფილა, როცა პაციენტი გულის ჩივილებით რეკავს, ადგილზე მისვლისას კი მას ტემპერატურა უფიქსირდება, შეიძლება ზოგიერთი მალავს, შეიძლება ზოგიერთი ვერც ხვდება რეალურად რა აწუხებს, ამიტომ ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავიცვათ თავი და გარშემომყოფები. სასწრაფო ხომ გვამარაგებს ეკიპირებით, ჩვენ ჩვენი რესურსებით თავდაცვის მექანიზმებს კიდევ ვაძლიერებთ, ორმაგად , სამმაგად დაცულები ვიყავით. მე ეპიდემიოლოგს დავუკავშირდი მაშინვე და განმიმარტა, რომ თუ იმ მომენტში ჩივილები არ მქონდა ანუ არ ვიყავი გადამდები. მე მორიგეობიდან მეორე მესამე დღეს დამიფიქსირდა ტემპერატურა. მორიგეობის შემდეგ, როცა სახლში მივედი, ჩემი მეუღლე სახლში დამხვდა, კორონავირუსი ორივეს გუშინ დაგვიდასტურდა. ხალხს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაიცავით თავი, ვერ მიხვდებით სად და რა მომენტში შეიძლება შეხვდეთ კორონას. ყოველ წუთს და წამს, მუხედავად თავდაცვისა, მაინც ასე მოხდა. “ – აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კორონავირუსით დაინფიცირებულმა ექიმმა. კითხვაზე, გადაიყვანა თუ არა 31 მარტს პაციენტები სხვადასხვა საავადმყოფოებში, ინფიცირებული ექიმი არ აკონკრეტებს. თუ მიმოვიხილავთ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის 24 საათიან სამუშაო გარემოს, ნათელია, რომ ექიმს დღე-ღამის განმავლობაში კონტაქტი აქვს უამრავ ადამიანთან, მათ შორის, ბრიგადის ორ თანამშრომელთან – უფროსი ექიმი და მძღოლი. ასევე, საერთო სამედიცინო ფილიალის თანამშრომლებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთო მოსასვენებელი ოთახით სარგებლობენ, გარდა ამისა, მედპერსონალი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს, სამუშაო საათების დაწყებისას მორიგეობას იბარებს წინა ცვლისგან, ხოლო მომდევნო დღეს აბარებს სხვა, ანუ მესამე ცვლას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი უზრუნველყოფს პაციენტების დახმარებას უშუალოდ მათ სახლებში ან კონკრეტულ მისამართებზე და საჭიროების შემთხვევაში ისინი გადაყავთ შესაბამის საავადმყოფოებში, სადაც შეხება აქვთ საავადმყოფოს მიმღების მედპერსონალთანაც
0