ნიკოლოზ ბარათაშვილი - "მტკივნეულად ნაცნობი"

0
ნიკოლოზ ბარათაშვილი სულით ობოლი და ამავე დროს, როგორც იხსენებენ: მოქეიფე, სკანდალისტი, აზარტული ბიჭი, მღეროდა კარგად და რაც ყველაზე საოცარია, ბავშვობიდან კოჭლი თავდავიწყებით ცეკვავდა, ალბათ ასე ცდილობდა გადაელახა „ბედის სამზღვარი.“ იგი ახლობელ ნათესავთა ოჯახებს სტუმრობდა ერთადერთი სურვილით, მოესმინათ მისი ლექსები. არ უსმენდნენ... საკუთარი ბიძაც პოეტი გრიგოლ ორბელიანი დისწულში ვერ ხედავდა პოეტს და ლექსებს შეუფასებლად და უპასუხოდ ტოვებდა. ერთგვარი ხერხი იხმარა შემდეგ, ალბათ გამოუვალობის გამოსავალი, საზოგადოებისთვის უცნობებია მერანი ილიკო ორბელიანს მივუძღვენიო, მისი მონოლოგიაო და ამ გზით, ილია ორბელიანის ხათრით მოუსმინეს - „საყვარელო ძია გრიგოლ, ილია ტყვედ არის შამილთან, არ ვიცი ეს ლექსი როგორ მოგეწონება, აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი დაინთხა ამის წაკითხვაზე, რასაკვირველია, იმიტომ რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე.“ ტატო ბარათაშვილი არისტოკრატიული საზოგადოების სალონურ ნორმებს ვერ იცავდა. ხმაურობდა, ლაპარაკობდა ბევრს, ითხოვდა, რომ მისთვის მოესმინათ. ნათესავებთან და ახლობლებთან მისულს ზოგჯერ კარსაც არ უღებდნენ. - „საყვარელო დაო მაიკო, ეს ღამეც წავიდა ვითარცა სიზმარი. კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელ ქვეყანაში, რომ ჩემი რამე იყოს. შენ იცი დიდიხანია ობოლი ვარ, არ დაიჯერებ მაიკო, სიცოცხლე მომძულებია ამდენი მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ყავს, დედაც, დებიც და მრავალნი მონათესავენი და მაინც ვერავის მიჰკარვებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში.“ ჩვენს მეხისერებას სამუდამოდ შემორჩა ბარათაშვილის, ლადო გუდიაშვილისეული პორტრეტი. ტატო ბარათაშვილის გარეგნული იერის ანალოგიური მხოლოდ ბაბთაა და სხვა არაფერი და დღემდე არ ვიცით სინამდვილეში, როგორ გამოიყურებოდა პოეტი. მისი პიროვნული რაობის ვერ გაგებას კიდევ ერთი უცნაური მომენტი ახლავს, თანამედროვენი სრულიად სხვადასხვაგვარად, ერთმანეთის საპირისპიროდ აღიქვამდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახეს, თმის ფერს, თვალების ოვალს, სიმაღლეს. თითქოს რაღაც გაურკვევლობის კედელი იყო აღმართული პოეტსა და მის თანამედროვე გარემოს შორის. ... და მაინც რატომ ვერ დაინახა იგი ვერავინ, რატომ მოხდა, რომ ბარათაშვილების საგვარეულო ალბომს მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი აკლია. უხილავი ძვირფასი სახე უკვე რაღაც სხვაგვარი სიმყუდროით, იდუმალებით აღსავსე არსებობს ჩვენში, ბარათაშვილის უცნაურმა ბედმა მისდამი არაჩვეულებრივი თანაგრძნობით აავსო მკითხველი და ჩვენს წარმოსახვასა და გემოვნებას მიანდო მისი გარეგნული ხატი. იქნებ განგებამ მართლაც იმიტომ დაგვიტოვა უსახოდ, იმიტომ გააქრო მისი ყველა პორტრეტი, რომ „მტკინვეულად ნაცნობი“ გაეხადა ყველა ჩვენგანისთვი. კონკრეტიზაცია გვაშორებს პოეზიის საგანს. ალბათ არ არის აუცილებელი ზუსატად ვიცოდეთ, როგორ გამოიყურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, რადგან შემოქმედების საიდუმლოს ხიბლი არა მისი ახსნა არამედ, აუხსნელთან მიახლოებაა.
#goodplaces
#politics
#news
#opinion
#events
#art
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#gaming
0