კალაძის თქმით, ორხევის დასახლებაში 150  მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორხევის დასახლებაში 150 მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის 10 აპრილის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება. "ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს", - ამბობს თბილისის მერი და ამატებს, რომ მიწის ნაკვეთი კომპანიას უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა. კახა კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე დაპირებით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამის შესაბამისად გადადგას.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32356958.html

Source: radiotavisupleba.ge