"ოცნების" კანონპროექტი აუქმებს პარლამენტის ფუნქციას, რომ კონტროლი განახორციელოს მთავრობაზე-ოპოზიცია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143858 ოპოზიცია „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს აკრიტიკებს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ცვლილებები პარლამენტის კონტროლს მთავრობაზე შეასუსტებს. "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღება დაუშვებელია. "აღნიშნული კანონპროექტი პრაქტიკულად პარლამენტის ფუნქციას, რომ კონტროლი განახორციელოს მთავრობაზე - აუქმებს. საზოგადოება ვერ მოისმენს განსხვავებულ შეხედულებებს, არ იქნება განხილვა, არ იქნება კრიტიკა. ეს არის ძალიან მძიმე ინიციატივა, იმიტომ რომ ეს ეხება არა მხოლოდ რაღაც კარანტინის ზომებს, არამედ ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში. დაუშვებელია ამგვარი კანონპროექტების მიღება", - განცხადა კახიძემ "ფორმულასთან" საუბრისას. კანონპროექტს სახიფათოს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. „როცა მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, მაშინ ჩვენ ვესწრებით პარლამენტის სხდომას და აუცილებლად მივიღებთ დღეს მონაწილეობას, ვინაიდან ეს კანონი ძალიან სახიფათოა ამ მთავრობის ხელში და ზოგადად, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც არ არის გაკონტროლებული პარლამენტიდან, მას აქვს მიდრეკილება ძალაუფლების უზურპაციისკენ. დაუშვებელია, მისი მიღება დღეს პარლამენტში. ამ ფორმით მთავრობას ეძლევა ძალიან ძლიერი ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის დევნისათვის და განსაკუთრებით, საშიშია იგი წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ "ფორმულასთან" საუბრისას. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი, ამბობს, რომ ასეთი ცვლილებებით მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით, ბევრ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ფაქტობრივად ჩვენ გამოგვდის სიტუაცია, როდესაც ამ კანონპროექტით მთავრობა ცდილობს გვერდი აუაროს იმ კონსტიტუციურ პროცესს, რასაც ჰქვია პარლამენტის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შემოღება. არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის მხარეს ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციის შემთხვევაში, იგი იყო გამოყენებული არამიზნობრივად. ჩვენი ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვაპირებთ, რომ მხარი არ დავუჭიროთ. როგორც ჩანს მთელ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო კანონპროექტით ხელში და ალბათ თავის თავს მისცემს თანხმობას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ "ფორმულასთან" საუბრისას. ოპონენტებს აზრს არ იზიარებს კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ახალი კანონპროექტი მმართველ გუნდს კრიზისის მართვაში დაეხმარება. „შესაძლებელია ეპიდვითარება არასასურველი სცენარით წარიმართოს. სწორედ ამიტომ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები და არ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და საკანონმდებლო დონეზე მთავრობას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის საშუალება, ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ ინიციატივა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში. უნდა დავაზუსტოთ ის რეგულაციები, რომლებიც იმოქმედებს მხოლოდ პანდემიებისა და საშიში ინფექციების გავრცელების შემთხვევაში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ "ფორმულასთან" საუბრისას.