გარეცხილი ან ქსოვილის პირბადე ვერ გვიცავს

Tbilisi Daily

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან პირბადე ქუჩაშიც უნდა გვეკეთოს. ამას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რატომ უნდა ვატაროთ პირბადე ღია სივრცეებში მაშინ, როდესაც კორონავირუსი ჰაერში არ ტრიალებს. დაისვა კითხვა, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვს, მათთვის რამდენად მიზანშეწონილია ჰაერზე ყოფნისას პირბადით სიარული? კერძო პრაქტიკის ექიმი და ანტივირუსული პროდუქციის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის სამედიცინო დირექტორი, მაია ხორგუანი ამბობს, რომ მედიცინაში ასეა: როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, იწონება საფრთხე და სარგებელი. რომელიც უფრო მეტია, იმ მიმართულებით იხრება. "ნორმალურ მდგომარეობაში მუდმივად პირბადის ტარება კი არა, ცხვირ-პირზე საათების მანძილზე ჩვეულებრივი ნაჭრის აფარება არ არის სასურველი. მაგრამ ახლა ბევრად უფრო საფრთხის შემცველია ის, რომ პირბადე არ გვეკეთოს ხალხმრავალ ადგილას და ქუჩაში, ვიდრე ის, რომ პირბადე გვეკეთოს თუნდაც ხუთი საათი გადაბმულად. სამშრიანი სამედიცინო პირბადის ტარებისას ასეთ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებათ. მით უმეტეს, როდესაც ქუჩაში და სუფთა ჰაერზე სიარულზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ ვართ სუფთა ჰაერზე, სადაც მონაცვლეობს ჟანგბადი, ასთმიანი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა ნიღბით საათი და ორი საათი ყოფნა. ნიღაბში ჰაერი აღწევს, უპრობლემოდ ხდება ჰაერის მონაცვლეობა, ისევე როგორც ამონასუნთქი ქიმიური ელემენტების გარეთ გამოსვლა. პირბადე გვიცავს არ შევისუნთქოთ ცოცხალი ორგანიზმი, როგორიცაა ვირუსი და ბაქტერია. ვირუსი და ბაქტერია მოცულობით უფრო დიდია, ვიდრე ჟანგბადის და ნახჟირორჟანგის მოლეკულები. ასე რომ, პირბადე არ აფერხებს არც ჩასასუნთქ ჟანგბადს და არც ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს თუ ჩვენი ორგანიზმის გამომუშავებულ სხვა ნივთიერებას. სუნთქვის ხარისხი მეტნაკლებად მაინც იზღუდება პირბადეში, თუმცა მსგავსი ეპიდემიის დროს პირბადის უტარებლობა დაუშვებელია. მაგრამ ახლა არა ამაზე, არამედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რაოდენობრივად რაც შეიძლება ნაკლები ვირუსი შევისუნთქოთ. ვისაც აქვს სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, იქნება ეს ასთმური სტატუსის მქონე თუ სხვა ადამიანები, მათთვის სასურველია 5 და 7 საათი გადაბმულად არ ეკეთოთ პირბადე. მაგრამ ასეთი ადამიანები სამსახურებშიც არ არიან ისე დაკავებულნი, რომ მუდმივად ეკეთოთ პირბადე. შეუძლიათ პერიოდულად მოიხსნან. მე ახლა ქუჩაში ვარ და არ მიკეთია პირბადე, რადგან ირგვლივ არავინაა. როგორც კი ადამიანს დავინახავ, აუცილებლად გავიკეთებ. თუ თქვენს ირგვლივ არავინაა, შეგიძლიათ არ ატაროთ. მაგრამ ადამიანები, სადაც მოძრაობენ, ერთ მეტრის, ორი მეტრის რადიუსით თქვენგან, უნდა ატაროთ პირბადე. სამი მეტრის მოშორებითაც კი. ქუჩაში ეს ვირუსი ორ მეტრზე შორს არ ფრინავს, რომ ვინმე დაასნებოვნოს", - ამბობს მაია ხორგუანი.