დარჩიაშვილი: ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. ის აცხადებს, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ პირველად დაადასტურა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.
„დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე მართალია გვქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა", - თქვა მინისტრმა.
როგორც დარჩიაშვილი ამბობს, საქართველო მზად არის პარტნიორებთან სამუშაოდ.
„ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპი, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემაზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ პარტნიორებთან საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეული ქვეყანა მზად იქნება შესაბამისი მოლაპარაკებების დასაწყებად”, - მიიჩნევს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
დარჩიაშვილმა უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველო, ამ გადაწყვეტილების თანახმად, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.
"ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე "ურთიერთგაგების მემორანდუმს" უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი 2021 წლის 17 მაისს კიევში მოაწერეს. იგი ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობდა.
2021 წლის 19 ივლისს სამივე ქვეყნის პრეზიდენტებმა - სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ - საქართველოში, პეტრას ციხეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვით განაცხადეს, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების მიზანი აერთიანებს.
დღეს კი ევროკომისიამ საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, 12 მთავარი პირობის შესრულება დაავალა. მათ შორის, აიღოს და შეასრულოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, გააქროს რა გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
ამასთან, საუბარია პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის დაძლევაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით.
საუბარია ასევე გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ასევე თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესაქმნელად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.
თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31903273.html
Source: radiotavisupleba.ge