ისტორიის გაკვეთილები: როგორ შეაჩერეს ოც დღეში შავი ყვავილის ეპიდემია საბჭოთა კავშირში

0
1959 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დილას მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ცნობილი საბჭოთა მხატვარი ალექსეი კოკორეკინი იჯდა. მხატვარი ინდოეთის დედაქალაქ დელიდან ჩამოფრინდა, გაიარა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი, აიღო ბარგი და სახლისაკენ გაეშურა. ის ოდნავ ახველებდა, თუმცა ვის გააკვირვებ გაციებითა და ხველებით სუსხიან დეკემბერში? თბილი ეგზოტიკური ქვეყნიდან წამოღებული საჩუქრებით მან მეუღლე, ბავშვები და ახლობლები დაასაჩუქრა, სამშობლოში დაბრუნება პატარა წვეულებით აღნიშნა, მონატრებულ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ჩაეხუტა და მოეფერა. მეორე დილით ალექსეის ხველება კიდევ უფრო გაუძლიერდა და სიცხეც მისცა. ამიტომ მან ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. მხატვარი სასწრაფოდ დააწვინეს საავადმყოფოში, რადგან მისი მდგომარეობა თვალსა და ხელს შუა უარესდებოდა. ექიმების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად პაციენტი იმ საღამოსვე გარდაიცვალა. მედიკოსები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი: მათ ვერ გამოეცნოთ ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ასე სწრაფი გარდაცვალების მიზეზი, ამიტომ გვამის გასაკვეთად ცნობილ პათოლოგანატომ აკადემიკოს კრაევსკის მიმართეს. როგორც კი გამოცდილმა პათოლოგანატომმა გვამს დახედა, გაოცებულმა და დაზაფრულმა წამოიძახა: ღმერთო ჩემო, ეს ხომ შავი ყვავილია-variola vera... ამ დროისთვის იმ საშინელ დაავადებაზე, რომელმაც შუა საუკუნეებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საბჭოთა კავშირის ექიმებმა არაფერი აღარ იცოდნენ. სსრკ-ში შავი ყვავილი საბოლოოდ 1936 წელს საყოველთაო ვაქცინაციის შემოღებით მოისპო, მაგრამ არა ინდოეთში. ექიმებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ის ოდესმე კვლავ დაბრუნდებოდა, ამიტომ ამ უძველეს დაავადებას სათვალავშიც კი აღარ აგდებდნენ და არც საყოველთაო ვაქცინაციას ატარებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ იყო ონდოეთში, სადაც მივლინებით იმყოფებოდა საბჭოთა მხატვარი ალექსეი კოკორეკინი. სწორედ ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში, შავი ყვავილით დაავადებული ბრაჰმანის დაწვის ცერემონიალისას აიკიდა მან ეს საშინელი ინფექცია. მდგომარეობის სერიოზულობა მეორე დღესვე გახდა ნათელი: ინფექცია დაუდგინდა იმ საავადმყოფოს რეგისტრატურის განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც მხატვარმა მიმართა; ექიმს, რომელმაც პაციენტი გასინჯა და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ მოზარდსაც კი, რომელიც ერთი სართულით დაბლა იწვა ზუსტად კოკორეკინის პალატის ქვემოთ, და საერთოდ, ორ დღეში უკვე საავადმყოფოს თითქმის მთელი პერსონალი, ყველა ის თანამშრომელი, ვინც კოკორეკინის პალატასთან უბრალოდ გაიარა, უკვე ვირუსით იყო დაინფიცირებული. ერთი კვირის შემდეგ (კალენდარზე უკვე 1960 წელი იდგა) ბოტკინის საავადმყოფოს პაციენტებს ზუსტად იგივე ანამნეზი დაეწყოთ, რაც კოკორეკინს: ხველება, სიცხე, გამონაყარი ტანზე. ერთ-ერთი პაციენტისაგან აღებული კანის სინჯი ანალიზზე გაგზავნეს ვაქცინაციის და შრატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ანალიზის პასუხები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა:ეს იყო შავი ყვავილის ინფექცია. სამწუხარო ახალი ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს ქვეყნის ხელმძღვანელობას. ნათელი გახდა, რომ მოსკოვი და მთლიანად, ქვეყანა დგა ეპიდემიის ზღვარზე იმ საშინელი ადავმყოფობისა, რომელიც არ იკურნება. იმ დღესვე სსრკ-ის კომპარტიის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის კაბინეტში სასწრაფო საიდუმლოო თათბირი ჩატარდა, რომელზეც მიღებული იქნა დადგენილება, რომ ნებისმიერი ძალებით შეეჩერებინათ ეპიდემიის გავრცელება და დროზე აღეკვეთათ შავ ყვავილის ვირუსის გავრცელება. მოსკოვის მილიციის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წინაშე დაისვა ამოცნაა: მოეძიებიათ და დაედგინათ ყველა ის პირი, ვისთანაც მხატვარს კონტაქტი ჰქონდა დელიდან გამოფრენის მომენტიდან გარდაცვალებამდე. რისკის ჯგუფში მოხვდნენ ახლობლები, ნათესავები, თვითმფრინავის მგზავრები, მისი ეკიპაჟი, მებაჟეები, მეგობრები, კოლეგები... გამოძიებამ დაადგინა ასევე, რომ მანამდე, სანამ ოჯახში დაბრუნდებოდა, მხატვარმა რამდენიმე საათი საყვარელთან გაატარა. საბოლო ჯამში გამოირკვა, რომ დაავადებულის კონტაქტების რაოდენობა მეორეული და მესამეული კონტაქტის ჩათვლით, რამდენიმე ათასს შეადგენდა, თუმცა აბსოლუტურად ყველა კონტაქტის გამოვლენა შეუძლებელი იყო. სსრკ-ის უშიშროების კომეტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოხდა ყველა კონტაქტორის სრული იზოლირება. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც საბედისწერო საღამო მხატვართან გაატარა, იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც მეორე დღეს ლექცია ჩაუტარა უამრავ სტუდენტს. ამ უნივერსიტეტიდან კარანტინში ასობით სტუდენტი და პედაგოგი გაამწესეს. ინდოეთიდან ცოლისა და საყვარლისათვის ჩამოტანილი ნივთები საკომისიო მაღაზიების წყალობით მოსკოვში გავრცელდა, თუმცა მეორე დღესვე იქნა ნაპოვნი მათი ახალი მფლობელები, რომლებიც სასწრაფოდ მოათავსეს იზოლაციაში, ხოლო კაბები, ინდური ქსვოვილები, შარფები და ჩანთები კი დაწვეს.http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/126397-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90/126/
0