ეკატერინე ტიკარაძე - პიკის დასაწყისს აპრილის მეორე ნახევარში ველოდებით

0
ეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა. „იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საეჭვო სიმპტოპების შემთხვევაში, მოქალაქეების დაკავშირება მოხდეს პირველ რიგში ოჯახის ექიმებთან. „ძალიან მნიშვნელოვანია იმ საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც მსგავსია კოვიდინფექციის, პირველ რიგში მოხდება მისი დაკავშირება მისი რეგიონის მოხედვით ოჯახის ექიმთან. დეტალური გამოკითხვის და ანამნეზის შედეგად, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია განსახორციელებელი ამ პაციენტთან დაკავშირებით, იქნება ეს კარანტინში გადაყვანა თუ სტაციონარში გადამისამართება. ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება შემდეგი ზარი განხორციელებული პაციენტთან, რის შემდეგადაც, მივა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხდება იზოლირებულად ამ პაციენტის გადაყვანა შესაბამის ლოკაციაზე. ამის შემდეგ უკვე დაიწყება პაციენტის კვლევაც და სათანადო მკურნალობაც. ამ ჯაჭვის განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილია კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფე არის საკმაოდ ინტენსიური და ჩვენ გვინდა ავირიდოთ სიმპტომიანი პაციენტის გადაადგილება და ასევე გვინდა, ავარიდოთ ოჯახში პაციენტის დარჩენა, თუ მათ არ აქვთ ოჯახში იზოლირებულად დარჩენის საშუალება. ყოველივე ამ ჯაჭვის თანმიმდევრული შესრულება მოგვცემს საშუალებას, დროულად ამოვიცნოთ სიმპტომიანი პაციენტები და მოვახდინოთ მათი იზოლაცია საზოგადოებისგან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებები იცავს იმ ადამიანებს, რომელთა დაავადება შეიძლება გართულდეს. „პირველი დღიდან, როდესაც ჩინეთში გავრცელდა ახალი კორონავირუსი, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 80-82 პროცენტი მოსახლეობის ამ დაავადებას გადაიტანდა უსიმპტომოდ. პრევენციული ღონისძიებები იცავს იმ 18 პროცენტს, რომლის მდგომარეობაც იქნება საშუალო ან საშუალოზე მძიმე სირთულის. კოვიდინფექციის ქცევა ადასტურებს და ჩვენი პრევენციული ღონისძიებები და ქმედებები მიმართულია სწორედ ადამიანების იმ 18 პროცენტის დასაცავად, რომელთა მდგომარეობაც იქნება საშუალო ან საშუალოზე მძიმე სირთულის. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ მათი დროში გადანაწილება ისე, რომ მივაწოდოთ სათანადო ხარისხის საუკეთესო სამედიცინო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა. გარდა ამისა, მეცნიერები საუბრობენ იმ ფაქტზეც, რომ კოვიდინფექციის გავრცელება არ იქნება ერთ ან ორთვიანი, ეს პროცესი იქნება გაცილებით ხანგრძლივი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა კარანტინის შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები მიმართულია გეგმაზომიერი ღონისძიებებით იმ მიზნისკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების კულტურული და ფსიქოლოგიური ადაპტაცია კოვიდინფექციასთან ბრძოლისთვის.
0