„გვეუბნებიან გული გვაწუხებსო და ადგილზე სიცხიანი და კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი გვხვდება“

0
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სრულად ვართ ჩართული ყველა პოზიციაზე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და წინა ხაზზე ვართ. ჩვენი ბრიგადები დგანან მკაცრი კარანტინის საზღვრებთან, რაც ძალიან დიდი რისკია“. – თქვა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა უფროსმა ექიმმა, მაია ქურდაძემ. „პირველები მივდივართ იმ პაციენტებთან, ვისაც ვირუსული ჩივილები აქვთ, მაგრამ ჩვენ ასეთ დროს თავს დაცულად ვგრძნობთ, რადგან გვაქვს სპეცეკიპირება, რომელიც გახლავთ ერთჯერადი და რომელსაც ვიყენებთ სწორედ ასეთ პაციენტთან მისვლის დროს. ყველა ექიმმა გავიარეთ სპეციალური ტრენინგი, როგორ უნდა ჩავიცვათ და გავიხადოთ სპეცეკიპირება, რადგან არასწორად მოქცევის შემთხვევაში თვითდასნებოვნების დიდი რისკია. გამოყენებულ სპეცეკიპირებას ვათავსებთ შესაბამის კონტეინერში და შემდეგ ეს მიაქვთ გასაუვნებლად. ასევე, როდესაც გადაგვყავს ისეთი პაციენტი, რომელსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, შემდგომში სასწრაფო დახმარების მანქანას უტარდება სრული დეზინფექცია. ასეთი სპეცეკიპირებით პაციენტთან მივდივართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 112-ის ოპერატორი გადმოგვცემს, რომ პაციენტს აღენიშნება ცხელება, სიცხე, ხველა და სხვა ვირუსული ჩივილები. თავდაპირველად 112-ის საოპერატოროს ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დაემატა საგანგებო კითხვარი, რომელიც მოიცავს კითხვებს: მოგზაურობდა თუ არა უცხოეთში, ჰქონდა თუ არა შეხება უცხოეთში ნამოგზაურებ პირთან და ა.შ. თავიდან ეს პროტოკოლი კარგად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაიწყო შიდა გადაცემა, დაემატა ის, რომ ჩვენ თვითონ, ექიმებს გვაქვს უფლება, მისამართზე მისვლამდე გვქონდეს კომუნიკაცია პაციენტთან და შევაგროვოთ ინფორმაცია. დამატებით გამოვიკითხავთ ხოლმე ანამნეზურ მონაცემებს და ვცდილობთ, ჩავეძიოთ კონტაქტების შესახებ – კლინიკურ ანამნეზთან ერთად ეპიდანამნეზსაც დაწვრილებით ვეკითხებით. ასეთი ღრმა ჩაძიებისა და მუშაობის პროცესში ხდება ისე, რომ ზოგიერთი პაციენტი მალავს როგორც უცხოეთიდან შემოსულ ან დაავადებულ პირთან კონტაქტს და თავისი მოგზაურობის ისტორიასაც. ამის გამოსავლენად გვჭირდება საკმაოდ დიდი ძალისხმევა. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა სადისპეტჩეროში შემოვიდა ზარი, რომ პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. რამდენიმე დღით ადრე ის მისულა ოჯახის ექიმთან, რომელთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, ანამნეზის შეკრება, გასინჯვა და ა.შ. და ექიმს დაუმალა, რომ ჰქონდა კონტაქტი კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანთან. ექიმმა გადაამისამართა სხვა ექიმთან, მისი ტერიტორიული ერთეულის შესაბამის პოლიკლინიკაში, რენტგენოლოგიური კვლევისთვის. პაციენტმა მეორე ექიმთანაც დამალა დაავადებულთან კონტაქტი. ოჯახის ექიმმა გამოიკვლია პაციენტი, დაუდგინა ორმხრივი პნევმონია, დარეკა 112-ზე და მიაწოდა ინფორმაცია. პოლიკლინკაში პაციენტის ვირუსზე შემოწმება რა თქმა უნდა, არ მომხდარა, რადგან ეს მათ ფუნქციაში არ შედის. ამასობაში ეს პაციენტი არ გაჩერდა პოლიკლინიკაში, წავიდა სახლში თავისით და გამოგვიძახა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ პაციენტს ვირუსული ნიშნები ჰქონდა, სპეცეკიპირებით წავედით მისამართზე და გადავიყვანეთ შესაბამის კლინიკაში. ამ პაციენტს კორონა ვირუსი დაუდგინდა, მისი ქმედების გამო კი ოჯახის ექიმი და პოლიკლინიკის ექიმი გადაყვანილი არიან იზოლაციაში. კიდევ რამდენი ადამიანის დავირუსება შეეძლო, სანამ ის პოლიკლინიკებს მოივლიდა და შინ მივიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? მისი ყველა კონტაქტი დაადგინეს ეპიდემიოლოგებმა, რომელიც არც თუ ისე ცოტაა და შესაბამისი ზომებიც მიიღეს, მაგრამ ეს ხომ რესურსის ზედმეტი ხარჯვაა? პირველივე ექიმისთვის რომ გულახდილად ეთქვა, – დაავადებულთან მქონდა კონტაქტიო, ამდენი სამსახურის ჩართულობა არ იქნებოდა საჭირო და არც ამდენ ადამიანს დააყენებდა საფრთხის ქვეშ. იყო ასევე შემთხვევა, როდესაც პაციენტმა დარეკა 112-ზე და თქვა, რომ აქვს დაბალი წნევა. ჩვენ, ექიმებს გვაქვს ერთგვარი ინტუიციაც და დავრეკე მასთან, დავიწყე ანამნეზის შეკრება, არ მოვეშვი და ბოლომდე რომ ჩავეძიე, ტირილით მომიყვა მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რომელიც 112-ის ოპერატორს დაუმალა, როდესაც იმავე კითხვებზე უპასუხა, რაც მე დავუსვი. რომ არ ჩავძიებოდი, რა თქმა უნდა, დაბალწნევიან პაციენტთან მისასვლელად არ ჩავიცვამდით მთელი ბრიგადა სპეცეკიპირებას და საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებოდით. მინდა ვუთხრა ყველას, რომ დაავადება სტიგმა არ არის და სირცხვილი არ არის, თუ დაინფიცირდით. გულახდილად თქვით თქვენი მოგზაურობისა და თუ ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ, როდესაც რეკავთ 112-ში ან მიდიხართ ექიმთან. დაავადებისა თუ მისი სიმპტომების დამალვით, პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ ზიანს, რადგან არ ხდება დაავადების დროული გამოვლენა და შესაბამისად – მკურნალობაც. შემდეგ აყენებთ საფრთხის ქვეშ ოჯახის წევრებს, მედპერსონალს.
0