აჭარაში მაღალჩინოსნები ხელფასის 1/3 გაიღებენ

0
აჭარაში მაღალჩინოსნები ხელფასის 1/3 კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა. კომახიძის განცხადებით, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს მერი, ვიცე-მერები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და აიპ-ების ხელმძღვანელები. ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც და მთლიანად საქართველოშიც. "ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეების დახმარების პროცესში" - განაცხადა კომახიძემ. 2018 წელს ბათუმის მერისა და ვიცე-მერების ხელფასები გაიზარდა. თუ ადრე მერი 2750 ლარს იღებდა, 2018 წლის შემდეგ ანაზღაურებამ 4500 ლარი შეადგინა. ვიცე-მერის ხელფასი კი 3600 ლარი გახდა. თუმცა მერიის აპარატში აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეები ხელფასზე დანამატებს ვეღარ მიიღებდნენ.
#ხელფასები
#დახმარება
#BatumiDaily
0