ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის სკოლაში ხელშეკრულება არ გაუგრძელეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს ვარლამ გოლეთიანს, ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიაში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ამ გადაწყვეტილებას გოლეთიანი, რომელიც სკოლაში გალობის ისტორიას ორი წელი ასწავლიდა, მის საპროტესტო ტალღაში მონაწილეობას უკავშირებს და დისკრიმინაციად აღიქვამს. „ნამოხვანის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამათავისუფლეს, სხვა არანაირი მოტივი არ ჰქონდათ, რადგან მუშაობის პერიოდში არც ერთი შენიშვნა ან გაფრთხლება მიმიღია“, - ამბობს გოლეთიანი და ამატებს: „თავდაპირველად [სკოლის ხელმძღვანელმა] მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ თავად დამეწერა განცადება და ყველასთვის ნაკლები პრობლემა იქნებოდა, რასაც არ დავთანხმდი. ჩავეკითხე, რას უკავშირდებოდა ეს გადაწყვეტილება და არაფორმალურ საუბარში მითხრა, რომ ეს იყო გუბერნიიდან მიღებული დავალება. ცხადია, ეს პირადად იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძისგან მიღებული დავალებაა“. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, მათ შორის, პანდემიის პერიოდში, ის მუშაობას განაგრძობდა და კვირაში ორ გაკვეთილზე ონლაინ ერთვებოდა. „მითხრეს რომ მაშინაც უნდოდათ ჩემი გაშვება, მაგრამ მეტად რეზონანსული იქნებოდა და ახლა ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს. ააიპ–ის ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ გათავისუფლების განცხადებას არ დავწერდი, და თავად გამოსცა ბრძანება,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი. სკოლა, რომელშიც ვარლამ გოლეთიანი ასწავლიდა ქუთაისის მერიასაა დაქვემდებარებული. ბრძანებაში, რომელიც ვარლამ გოლეთიანს ჩაბარდა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. სკოლაში ვარლამ გოლეთიანის პოზიცია ამჟამად ვაკანტურია. გოლეთიანმა უკვე შეიტანა სარჩელი საქალაქო სასამართლოში და სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასისი ანაზღაურებას ითხოვს. ის, ასევე, საქმის შესწავლის თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს. ქუთაისის მერიაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ვარლამ გოლეთიანთან გაფორმებულ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მის მიმართ კანონი არ დარღვეულა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამახვანჰესის მშენებლობას წელიწადნახევრის განმავლობაში აპროტესტებდა. აქციები კარვებში 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს და მიმდინარე წლის მაისში შეწყვიტეს. ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობას გასული წლის სექტემბერში აცნობა პროექტის განხორციელებაზე უარის შესახებ და 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. 2022 წლის აპრილში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი“ სხვა რამდენიმე ჰესთან ერთად სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/32071105.html

Source: radiotavisupleba.ge