ჩვენ მხარს გიჭერთ, მაგრამ დანარჩენების დარწმუნება რთული იქნება - ესტონეთის ელჩი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, მისი ქვეყანა მომხრეა, საქართველომ, უკრაინამ, და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღონ. თუმცა ეს მხოლოდ ესტონეთზე არაა დამოკიდებული, მოლაპარაკებები დანარჩენ ქვეყნებთან კი "ძალიან რთული იქნება".  ამის შესახებ ელჩმა განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბიბლითეკაში, არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ მოწყობილი საჯარო დისკუსიის დასასრულს. "ვფიქრობ, არსებობს სამი ვარიანტი:  კანდიდატის სტატუსი არ იქნება. მეორე - იქნება კანდიდატის სტატუსი გაკრვეული პირობებით. მესამე - იქნება კანდიდატის სტატუსი.  ალბათ ყველანი ხვდებით, რომ მთელი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა. ამიტომ, ისიც შესაძლებელია, უკრაინამ მიიღოს იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე დანარჩენმა ორმა [ქვეყანამ]. მაგრამ დანამდვილებით ამასაც ვერ ვიტყვით." - თქვა რიინა კალიურანდიმ. დიპლომატმა გაიხსენა, რომ ესტონეთს რეფორმების ჩასატარებლად და "კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან" შესაბამისობაში მოსასვლელად 11 წელი დასჭირდა. ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა. “აუცილებელია, რეფორმები სრულად ჩაატაროთ… წინააღმდეგ შემთხვევაში… ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუძლებს [ევროკავშირის] ადმინისტრაციულ ზეწოლას, თუკი თქვენი კანონმდებლობა არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასტან” - თქვა ელჩმა. ე.წ. "კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე", ანუ ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ პირობებზე ევროკომისია 1993 წელს შეთანხმდა. მათ შორის ერთ-ერთი სასამართლოს დამოუკიდებლობაა.  რიინა კალიურანდის შეფასებით, "საქართველოს ჰქონდა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ-ჯერობით კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი". საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.             https://www.radiotavisupleba.ge/a/31881937.html

Source: radiotavisupleba.ge