დავით არახამი: კონგრესი კენჭს უყრის რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ვერხოვნა რადაში უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თქვა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეჰპირდა რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. ეს განცხადება არახამიამ 18 ივნისს გააკეთა აშშ-ში ყოფნისას, Fox News-ის ტელეეთერში. არახამიას თქმით, შესაბამის რეზოლუციას კონგრესი ოთხშაბათს უყრის კენჭს, შემდეგ კი ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება. როგორც არახამიამ თქვა ამ რეზოლუციის მნიშვენლობაზე საუბრისას, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გარკვეულწილად ახერხებს მისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გვერდის ავლას. თუკი აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო, ეს მოსკოვს უკიდურესად გაურთულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას, დასძინა არახამიამ. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა კიევი მოამარაგოს HIMARS-ის სისტემებით („მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“), რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის არმიისთვის ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. მისი თქმით, ამის თაობაზე უკრაინას ჯერჯერობით არ მიუღია დაპირება. „ჩვენთვის იარაღი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული,“ თქვა დავით არახამიამ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31904357.html

Source: radiotavisupleba.ge