5 უფასო აპლიკაცია, რომელიც იზოლაციისას მედიტაციისა და მღვიძარების მიღწევაში დაგეხმარებათ

0
სოციალური დისტანცირებისა და იზოლირების საჭიროებებიდან გამომდინარე, ცოტა ხნით, ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა, რაც ერთგვარ შფოთვას უკავშირდება. ის აქტივობები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აქამდე აწესრიგებდა, რუტინულსა და განჭვრეტადს ხდიდა მას, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩვენ ვეღარ დავდივართ ოფისებში, ბარებში, კლუბებსა თუ ბიბლიოთეკებში. ვეღარ ვნახულობთ მეგობრებს, ვეღარ გავდივართ ლანჩზე საყვარელ კაფეში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით ამ შეცვლილი ყოველდღიურობის დროებითობა, მაინც ვერ ვგრძნობთ თავს კომფორტულად და კმაყოფილების განცდის მიღწევაც სულ უფრო რთული ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ვიხარჯებით გონებრივად/შემოქმედებითად. სწორედ ამიტომ, საჭიროა ვიყოთ მღვიძარებაში (მაინდფულნესი), რაც ნიშნავს, რომ შევძლოთ სიფხიზლით შევხედოთ ჩვენს განცდებს, ჩვენს თავს და გავაცნობიეროთ ის, თუ რას ვგრძნობთ კონკრეტულ მომენტში. კორონავირუსის პანდემია და მისი თანმდევი დისკომფორტები ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, თუმცა სტრესი და შფოთვა უმეტესობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. სოციალური ქსელების სქროლვა სიმშვიდესა და მღვიძარებას ვერ მოგიტანთ, ამის მიღწევისთვის, აუცილებელია საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება. იმის გაცნობიერება, რომ თუ განჭვრეტადობის განცდის შემქმნელ რიტუალებს თვითონ არ შევქმნით, ახალ მოცემულობაში ადაპტირება უფრო რთული იქნება. ამ კუთხით, არსებობს დამხმარე აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველდღიური, ფსიქიკისთვის საკეთილდღეო პრაქტიკების შემუშავებასა და დანერგვაში დაგვეხმარონ. ქვემოთ, ჩამონათვალის სახით შემოგთავაზებთ 5 აპლიკაციას, რომელთა უმეტესობამაც, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და თვითიზოლაციის საჭიროების კვალდაკვალ, უფასო გახადა რიგი სერვისები და ამასთან, შეიმუშავა სპეციალური პროგრამები COVID-19-თან დაკავშირებული შფოთვის შესამცირებლად. Ten Percent ეს არის შესაფერისი აპლიკაცია, თუ მინიმალური დოზით აპირებთ დაიწყოთ. აპლიკაციას აქვს პრემიუმ ვერსიაც, თუმცა ბაზისური კურსი, რომელიც მოიცავს ვიდეობსა და სესიებს, უფასოა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მედიტაციის გაკვეთილი იმის მიხედვით, თუ რამდენი დროის გამოყოფას აპირებთ ამისთვის – რამდენიმე წუთიდან რამდენიმესაათიან მედიტაციამდე, ინსტრუქტორთან ერთად. აქვეა უფასო ყოველდღიური კონტენტი, რომლის გამოყენებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მათ შორის, სპეციფიკური და ერთ-ერთი ახალი მიმართულება არის კორონავირუსით გამოწვეულ შფოთვასთან გამკლავება. აპლიკაციაში შეხვდებით უფასო მედიტაციის კურსებს, რომლებიც განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალისთვისაა განკუთვნილი. ამ უკანასკნელებში, ანუ მათში, ვინც კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში არიან ჩართულები, COVID-19-ით გამოწვეული სტრესი და შფოთვა გაცილებით დიდია, ვიდრე იზოლაციაში მყოფ ადამიანებში. iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, აპლიკაციის გადმოსაწერ ბმულს აქვე დაგიტოვებთ – App Store, Google Play Headspace შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აბონიმენტი თქვენი გონების სავარჯიშოდ. აპლიკაციაში ყველასთვის არსებობს განყოფილება რამდენიმე უფასო მედიტაციის სახელმძღვანელოთი, ასევე სპეციალიზებული რესურსები მუშაობისა და განათლების მიმართულებით. თუმცა, ეს აპლიკაცია უფრო მეტ შესაძლებლობას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს. კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები, იქნება ეს მედპერსონალი, თუ ექიმები. მათ აქვთ უფასო წვდომა აპლიკაციის პრემიუმ ვერსიაზე. უნდა აღინიშნოს ის, რასაც კომპანიაში ამბობენ – ისინი ეძებენ გზებს, აშშ-ს ფარგლებს გარეთაც შეძლონ ამ სერვისის უფასოდ მიწოდება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. აქვეა აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები – App Store, Google Play Calm ეს არის ერთ-ერთი პოპულარული აპლიკაცია მედიტაციისა და მღვიძარების (მაინდფულნესის) მიმართულებით. ეს არის ონლაინ რესურსი, რომლის გუნდმაც მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში, მისი ყველა მიმართულება უფასო ყოფილიყო. მეტიც, ამ რესურსზე შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ მაშინაც კი, თუ არ გადმოწერთ აპლიკაციას, ან არ შეხვალთ თქვენს ანგარიშში, ანუ ვებგვერდზეც. მღვიძარებისა და მედიტაციის სავარჯიშოები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, აქვეა ერთგვარი გაწელვის სავარჯიშოები „მშვიდი სხეულისთვის“. ამ სავარჯიშოების გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებით. უფრო სწორად, იზოლაციისას, თუ დისტანციურად მუშაობთ, სამუშაო დრო მთავრდება, თქვენ უნდა დაკეცოთ ლეპტოპი და შექმნათ ერთგვარი რიტუალი, რომელიც თქვენთვის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე, სამსახურიდან სახლში დაბრუნებას მოასწავებს. Calm-ზე ასევე შეხვდებით რესურსებს ბავშვებისთვის, აქვე შეძლებთ „დაესწროთ“ „ჭამე, ილოცე, შეიყვარეს“ ავტორის – ელიზაბეტ გილბერტის საუბრებს შემოქმედებითობაზე, აქვეა მოწოდებები ნახევარსაათიანი ძილის ვარჯიშის შესახებ და ა.შ. რესურსი ხელმმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ, კორეულ და პორტუგალიურ ენებზე. აპლიკაციის გადმოწერა კი შემდეგი ბმულებიდან შეგიძლიათ – App Store, Google Play. ეს აპლიკაცია, დასაწყისისთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლების/მასწავლებლებისთვის შეიქმნა. თუმცა, ახლა ეს არის უფასო და ყოვლისმომცველი რესურსი ყველასთვის. ის მოიცავს 41 სესიას, მღვიძარების 10 მოდულის გათვალისწინებით.
Tbilisi
#android
#apple
0