სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმება დაიდო - მხარეთა შორის შეტაკებები დასრულდა
Interworld
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ა.წ. 10 ნოემბრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ქალაქ ერევანში მასობრივი არეულობები დაიწყო და ადგილობრივი საზოგადოების ზოგიერთი წევრი სამთავრობო შენობებში შეიჭრა.
მიღწეული შეთანხმების შესახებ პირველმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან გაფორმდა ხელშეკრულება, ადგილობრივი დროით 01:00 სთ-დან, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ზემოხსენებული შეთანხმება დაადასტურეს.
„ჩვენ გვჯერა, რომ მიღწეული შეთანხმებები შექმნის იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც (სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების შესაბამისად) საჭიროა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული კრიზისის გრძელვადიანი და სრულფასოვანი მოგვარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
ზემოთ აღნიშნული განცხადებები ა.წ. 10 ნოემბერს, მას მერე გაკეთდა, რაც აზერბაიჯანულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს აწ უკვე დასრულებულ ბოლო ექვსკვირიან შეტაკებებში და საერთო ჯამში (მიახლოებით) 30 წლიან კონფლიქტში.
„მე საკუთარი თავისთვის და ყველასთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც გამომდინარეობს არსებული სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასებების შედეგად, რომლებმაც მოცემული ვითარება ყველაზე უკეთ იციან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის განცხადებით, „არსებული მძიმე ვითარებისა და ტერიტორიების სრული დაკარგვის საფრთხეების გათვალისწინებით“ იგი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან საბრძოლო მოქმედებების დასრულების თაობაზე შეთანხმდა.
მიღწეულ შეთანხმებას სწრაფი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სომხეთის დედაქალაქ ერევანში და ათასობით ადამიანი სამთავრობო შენობებსა და პარლამენტში შეიჭრა. ოპოზიციურმა პარტიებმა კი ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მიღწეული სამმხრივი შეთანხმება იქნება გადამწყვეტი მოვლენა არსებული კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
„რკინის ხელმა“ მოცემულ დოკუმენტზე ხელმოწერა აიძულა მას (იგულისხმება ფაშინიანი, რედ.). ეს არსებითი კაპიტულაციაა“, - განაცხადა ალიევმა.
მიღწეული გარიგების თანახმად, აზერბაიჯანის შეინარჩუნებს ბოლოდროინდელი შეტაკებების შედეგად დაკავებულ ტერიტორიებს მთიანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე რაიონებში. ხელშეკრულების მიხედვით, სომხურმა ძალებმა ასევე უნდა დათმონ რეგიონის საზღვრებს გარეთ არსებული ზოგიერთი რაიონი, მათ შორის აღდამის აღმოსავლეთ რაიონი და ქელბაჯარის დასავლეთ ტერიტორია.
სომხური მხარე ასევე თმობს ლაჩინის რეგიონს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეა. დამატებით, ლაჩინის კორიდორის მთელ სიგრძეზე უზრუნველყოფილი იქნება 5 კმ-ის სიგანის უსაფრთხოების ზონა, რომელსაც 2000-მდე რუსი სამშვიდობო დაიცავს.
მიღწეული შეთანხმება ასევე ავალდებულებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფებს მონიტორინგი განახორციელონ სომხეთის რესპუბლიკის გავლით ჩამოყალიბებულ ახალ სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანის დასავლეთ ტერიტორიებს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
დამატებით, პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, ოფიციალური ბაქოს უმთავრესი მოკავშირე თურქეთის რესპუბლიკა მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფაში და კონკრეტულად ცეცხლის შეწყვეტის პროცესს გაუწევს მონიტორინგს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #deal #interworld