“ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა – ასეთია იაპონია და კორეა – შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა და, ცხადია, სიკვდილიანობაც. ჩვენთან, ჯერჯერობით, გარდაცვლილია ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანამდევი დაავადებები, კრიტიკული პაციენტების რაოდენობით კი მაინცდამაინც დაბალ ნიშნულზე არ ვართ. ზოგ ქვეყანაში ყველა დაავადებული მსუბუქია, ანთება არავის აქვს, არავის სჭირდება რეანიმაცია… სავარაუდოდ, ესპანეთსა და ამერიკაში გარდაცვლილი ხუთი ქართველიც აცრილი იყო ბცჟ ვაქცინით, ამიტომ ამის იმედად ვერ ვიქნებით, ეს ვარაუდია”, – განმარტა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, კორონავირუსი ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს.
“ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ გლობალიზაციის მასშტაბების ზრდის შედეგად უკვე ყველა მოგზაურობს და მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითად საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითა და წამლებით მომზადებული არ არის. ამან, მოსალოდნელია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ რაც უფრო იზრდება გლობალიზაციის მასშტაბი და იოლდება მოგზაურობა, ეს საფრთხეც იმატებს. ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირდება ფლორა-ფაუნა დედამიწაზე, რაც უფრო მეტს ჩეხს და ანადგურებს ადამიანი, ერთმანეთთან მით უფრო ახლოს იწყებენ ცხოვრებას ცხოველები და უფრო დიდია რისკი, რომ ეს ვირუსები ერთიდან მეორეს გადაედოს. ასე მოხდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც – ის ღამურიდან აქლემს გადაედო, აქლემიდან – ადამიანს…. ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან. კორონავირუსიც ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს. გენომური თავისებურებები აქვთ, გენეტიკური ინფორმაციით კი განსხვავდებიან. ამით დგინდება, საიდან შეიძლება მოდიოდეს – ჩინეთიდან, იტალიიდან თუ ამერიკიდან….”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
იმუნოლოგის თქმით, საკვები პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს.
“საკვები პროდუქტის საპნით გარეცხვა არ შეიძლება – თერმულად დაამუშავეთ. 56 გრადუსიდან ზემოთ ბაქტერია კვდება. ის, რისი მოხარშვაც არ შეიძლება – მაგალითად, ვაშლი – გამდინარე წყალში გარეცხეთ, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში, მერე გათალეთ და მიირთვით”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#საქართველო
#ბცჟ
#აცრა
#georgia
#covid19
#stopcovid19
#covid19