საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხი უსაფრთხო გახდა!

0
„30-40 %-ით გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი როგორც დედაქალაქში, ისევე ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში“ – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა. მისი თქმით აზოტის ოჟანგის ნიშნული ჩამოვიდა უსაფრთხო მაჩვენებელზე და ამ პოზიციაზე ნარჩუნდება. „ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 70% ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის აზოტის ოჟანგი, ანუ წვის პროდუქტი, რომლის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. საავტომობილი ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ცალსახა კლება ყველა სადგურზე, როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, იგივე ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ჩვენს პორტალზე ფერებით და ინდექსებით არის წარმოდგენილი ჰაერის ხარისხი. მას შემდეგ რაც ჯანმომ პანდემია გამოაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ აზოტის ოჟანგის ნიშნული ჩამოვიდა ყველაზე დაბალ ფერზე, ანუ ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელზე და ამ პოზიციაზე ნარჩუნდება. რაც შეეხება მეორე დამბინძურებელს, ეს გახლავთ მყარი ნაწილაკები, ანუ, ე.წ. მტვერი, რომლის ნორმის გადაჭარბება პერმანენტულად ფიქსირდება, თუმცა დადებითი შედეგი ამ კუთხითაც გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ 30-40 %-ით გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი როგორც დედაქალაქში, ისევე ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში.“- განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა. ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.
0