მედეას შვილები არ მოუკლავს

0
ვისაც ევროპის (ერას) მოედანზე გაუვლია, მაღლა აწეული ოქროს საწმისიანი მედეას ქანდაკება დაუნახავს. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ასწავლიან, ვინ იყო მედეა - აიეტის ასული, რომელმაც სიყვარულის გულისთვის კოლხეთის სიმდიდრე, ოქროს საწმისი, არგონავტებს გადასცა. ხშირად ამბობენ, რომ იყო სამშობლოს მოღალატე გრძნეული და შვილების მკვლელი. ევროპის მოედანზე ქანდაკება 2007 წელს აღემართა, მანამდე იქ არწივი იყო. არწივი იქ ასლან აბაშიძის ბრძანებით დადგეს, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ქანდაკება მედეამ შეცვალა. დიქტატორს ცხოველების ფიგურები უყვარდა, არწივი კი მისი წლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. აბაშიძის რეჟიმი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და სეპარატისტულიც კი იყო, ამიტომ მისი მმართველობის სიმბოლო ევროპის მოედანს ჩამოაშორეს. მოსახლეობას გაუჩნდა კითხვა, რით სჯობდა "მოღალატე" და "მკვლელი" მედეა ასლანის არწივს? ბევრი კოლხ ქალს ბრალს სდებს, რომ მან საკუთარი შვილები დახოცა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც იასონმა მას უღალატა და სხვა მეფის ასული მოიყვანა ცოლად, რათა მეფე გამხდარიყო, მედეა შეიშალა. ეს გასაგებიც კი იყო - ადამიანმა, რომლის გამოც მან სამშობლოს მთავარი სიმბოლო გააჩუქა და მამამისს აღუდგა, მისი სიყვარული ძალაუფლებაზე გაცვალა. ამბობენ, ზუსტად ამიტომაც მოკლა მედეამ იასონისგან გაჩენილი შვილებიო. ქვეყანაში, სადაც ოჯახის ინსტიტუტი ძლიერია, ასეთ რაღაცას ბუნებრივად, ვერ აპატიებდნენ. მეტიც, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას, როცა დედა შვილს კლავს. თუმცა ეს მითოსის მხოლოდ ერთი ვერსიაა. ბევრი წყარო მიგვანიშნებს იმაზე, რომ მედეას, სინამდვილეში, შვილები არ მოუკლავს. მედეა, როგორც შვილების მკვლელი დედა, ევრიპიდეს გამოგონილია. კრეოფილუსის, ბერძენი პოეტის მიხედვით, მედეას შვილები კორინთელმა მოქალაქეებმა დაუხოცეს. პაუსანიასის, მეორე საუკუნის ბერძენი მწერლის თანახმადაც, შვილთა მკვლელობის ვერსია ევრიპიდეს გამოგონილია და ამბის სულ მცირე, ხუთი სხვადასხვა დაბოლოება არსებობს. ბოლოს, მედეას ქანდაკებას შემყურემ შეიძლება იფიქრო: "იქნებ შვილები არ მოუკლავს, მაგრამ სამშობლოს ხომ უღალატა?". მართლაც, თუ ერჩივნა მოღალატე ქმარი კოლხეთს, რით დაიმსახურა მედეამ ეს ადგილი? სინამდვილეში კი, მედეა კოლხეთს უბრუნდება. მითის ერთი ვერსია გვეუბნება, რომ როდესაც მედეა დატოვებს კოლხეთს, აიეტს მისი ძმა ტახტიდან ჩამოაგდებს და თვითონ გამეფდება. უკან დაბრუნებული მედეა ამას რომ ნახავს, ბიძამისს მოწამლავს და ტახტს აიეტს უბრუნებს. მის სამშობლოში, კოლხეთში ბრუნდება და მამის წინაშეც ჩადენილ შეცდომებს გამოასწორებს. ბოლოს და ბოლოს, მითოლოგია კოლექტიური ქვეცნობიერის გამოძახილია. თითოეული ამბის გმირი ერის ან საზოგადოების რაღაც ასპექტებს შეიცავს, ადამიანის რაღაც მხარეს წარმოაჩენს და კრებითი ცნებაა. ამას არქეტიპი ეწოდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მედეა რომ არქეტიპია იმას ნიშნავს, რომ ის არამხოლოდ კონკრეტული ისტორიული ან გამოგონილი პერსონაჟი, არამედ იდეაცაა. მედეას ამბის ბევრი ვარიაცია არსებობს, შვილების მკვლელობის ნაწილი მხოლოდ მედას მითის დაუდასტურებელი, ევრიპიდესეული ნარატივია. სინამდვილეში, მედეა იმპულსიური და ვნებიანი ქალის არქეტიპია. რაც არ უნდა გაეკეთებინა, მან მაინც იპოვა გზა სამშობლომდე. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ღმერთებიც მის მხარეს არიან - ხან ჰეკატე ეხმარება, ხან ჰელიოსი. ამიტომაც უჭირავს ამაყად ოქროს საწმისი ევროპის მოედანზე - არა იმის ნიშნად რომ მიდის, არამედ იმის ნიშნად, რომ ბრუნდება. ამიტომაც, ევროპის მოედანზე არა "სამშობლოს მოღალატის" ან "შვილების მკვლელის" ქანდაკება დგას, არამედ ერთი ქართველი, კოლხი ქალის, რომელსაც თავდავიწყებით შეუძლია სიყვარული, ადამიანური (და საკმაოდ სერიოზული) შეცდომების დაშვება, წასვლა და მაინც - დაბრუნება. და ამ გზის განმავლობაში, ზეციური ძალა მაინც მის მხარესაა...
#opinion
0