1. ბატონების უბედურება თავიანთ უიღბლობად მიაჩნიათ ერთგულ მსახურებს.
2. ახალ ქორწილში ვიღას ახსოვს ძველი.
3. საშინელია მეფეთა რისხვა. არავის ყურს არ უგდებენ, მათ წინაშე კი ყველამ უნდა მოიდრიკოს ქედი. ვის შეუძლია მოთოკოს მათი მძვინვარება ?
4. ნეტა მას, ვინც უჩინრად ცხოვრობს მისსავე მსგავს უჩინოთ შორის.
5. ზომიერება - რა ტკბილად ჟღერს თვითონ ეს სიტყვა! ცხოვრებაში კი არაფერია მისი ფასი!
6. რა იქნებოდა, სიმღერით რომ შეიძლებოდეს უმკურნალო კაცთა სატკივარს! ლხინის დროს კი რა აზრი აქვს ან სიმღერას ან მუსიკობას? საზეიმოდ გაშლილი სუფრა უმისოდაც კარგად ალხენს მომაკვდავთა გულს.
7. მაცდურია მოკვდავთა თვალი, ვერ არჩევს მრუდსა და მართალს , ჩვენ კი სწორედ ერთი შეხედვით, ზერელედ ვმსჯელობთ იმაზე, ვის სულშიაც არ ჩაგვიხედავს, და ვგმობთ იმას, ვინც ჩვენს გმობას არ იმსახურებს .
8. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება , ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი.
9. ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლქმრობის უღელს; თუ არადა სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს.
10. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.
11. სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანახვაც კი აძრწუნებს და თავზარს სცემს, მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და შეუბღალეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს.
12. კაცს თუ ჭკუა აქვს დიდ ცოდნას არ მისცემს შვილებს, რათა ხალხის შურს განარიდოს, სხვებისაგან გამორჩეულნი.
13. აბა, გაბედე და რაიმე ასწავლე უვიცს: უქნარად ჩაგთვლის, განა მცოდნედ, ანდა სწავლულად. ხოლო თუ ცოდნით დაჩრდილე ჭკუა-გონებით განთქმულნი და სახელმორჭმულნი, იცოდე, მავნედ და ხორცმეტად მიგიჩნევს ხალხი .
14. რამდენად უფრო ადვილია გულფიცხი ქალის, გინდ კაცისაგან დაიცვა თავი, ვიდრე ერიდო ფრთხილსა და ვერაგს.
15. რა ძვირად გვიღირს სიყვარული უბრალოდ მოკვდავთ.
16. ბედისწერა განაგებს ყოველს.
17. რამდენი სიავის სათავეა ფუჭი სიშმაგე.
18. უბედურს და ღარიბ-ღატაკს მეგობრებიც კი გაურბიან.
19. ძღვენი ღმერთებსაც არ აწყენთო, გამიგონია; მოკვდავთ კი, მით უმეტეს , ერთი ოქრო მეტად უღირთ ათას სიტყვაზე.
20. მოკვდავთა შორის უშვილძირონი ათასწილ უფრო ბედნიერნი არიან მათზე, ვისაც შვილი მისცა განგებამ. რადგან უშვილომ არც კი იცის რა არის შვილი: ენითუთქმელი სიხარულის თუ მუდმივი ტანჯვის სათავე .
21. ზოგს შეიძლება ერთ საქმეში სწყალობდეს ბედი, სხვას - მეორეში, მაგრამ ბედნიერს ვერავის ჰპოვებ.
22. მშურს მათი , თავი თვისი ვინც უჩინარყო, მოკრძალებულად , უყვედრელად განვლო ცხოვრება. არასაშურად მიჩანს ხვედრი აღზევებულთა.
23. ყველა მოკვდავი , ბედნიერიც კი , საბოლოოდ უბედურია. აროდეს, არვინ ბედნიერი არა შობილა.
24. სათნოების მტერია ენა.
25. ბედნიერია ამა ქვეყნად მდაბიო კაცი , გულწრფელი ცრემლით ეგებება გასაჭირს იგი , დარდს იმსუბუქებს ბედმჩივანი, ხოლო დიდებულთ სირცხვილი ბოჭავთ.