"ქართული ოცნების“ ინიციატივა, StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ

0
„ქართული ოცნების“ ინიციატივას, StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ, თბილისის მერი, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. „ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის ერთი მესამედი“, – განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის სოლიდარობის ინიციატივას 3 აპრილს თბილისის მერია და საკრებულო შეუერთდა. მერიისა და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირები მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. განცხადებები ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთეს. იმავე დღეს, სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ინიციატივას გამოეხმაურნენ და ფონდში 3 თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ. 4 აპრილს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდნენ სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, რის შესახებაც განცხადებები გააკეთეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოებმა. სოლიდარობის ინიციატივაში იმავე დღეს ჩაერთო საპარტნიორო ფონდი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავს. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში საკუთარ წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს ასევე ბიზნესმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა კომპანია „კახური ტრადიციული მერვინეობა“, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო“, უროლოგი გოგი ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგი თამარ კაპანაძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მომღერლები სოფო ხალვაში და დათუნა სირბილაძე და სხვ. „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივით, StopCoV ფონდში ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც მიმართული იქნება იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც პანდემიამ სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა. დღეისათვის StopCoV ფონდში 23 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, კერძო კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.
#stopcov
#georgia
#covid19
#coronavirus
0