ახლა როცა მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ვირუსი ადამიანის ორგანიზმში თვალის მეშვეობითაც ხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისიც სათანადოდ დაცული და მოვლილი იყოს.
როგორ ხვდება თვალიდან ორგანიზმში კორონავირუსი და როგორ დავიცვათ ახლა ჩვენი ჯანმრთელობა, ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ოფთალმოლოგი ქეთევან ჭიოკაძე ესაუბრა.
– ქალბატონო ქეთი, კორონა ვირუსისგან თავის ასარიდებლად რა რჩევებს მისცემთ საზოგადოებას როგორც ოფთალმოლოგი?
-ნებისმიერი ვირუსისგან თავის დასაცავად, აუცილებელია ზოგადი წესების დაცვა, რაც გულისხმობს პირად ჰიგიენას:
კერძოდ, ხელების ხშირ დაბანას, მაქსიმალურად კონტაქტის შეზღუდვას თვალის ლორწოვან გარსთან და სახის სხვა ნაწილებთან.
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, რაც შეამცირებს ინფიცირების რისკს.
ეს რეკომენდაცია მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ეხება ნებისმიერ სხვა ვირუსულ დაავადებასაც.
– როგორ ხვდება თვალიდან ვირუსი ორგანიზმში?
– ვირუსი ორგანიზმში ხვდება ლორწოვანი გარსიდან. ლორწოვანი გარსითამოფენილია პირის ღრუ, სასუნთქი გზები და თვალის კაკალი, სწორედ ლორწოვანი გარსიდან ვირუსი ხვდება სასუნთქ გზებში.
– რეკომენდირებულია ხელების საპნით დაბანა, თვალებზე რას ურჩევთ ადამიანებს, თან სხვა პრობლემები რომ არ შეექმნათ ხშირი დაბანისგან?
– თვალების გარეგანი დამუშავება სასურველია ბავშვის შამპუნით. ის არ წვავს და არ აღიზიანებს თვალის ქსოვილს, შესაძლებელია გამოვიყენოთ გვირილის და გულყვითელას ხსნარი ოჯახის პირობებში.
– ვინც ატარებს მხედველობის სათვალეს, როგორ მოუარონ იმ ადამიანებს რას ურჩევთ?
-პაციენტები, რომლებიც ატარებენ სათვალეს ვურჩევ დაამუშაონ თბილი წყლით და საპნით. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არის ინფიცირებული, აუცილებელია სათვალის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით.
– კარანტინის პერიოდში ჩვენი მთავარი მეგობარია პლანშეტები, ლეპტოპები და სმარტფონები, როგორ მოვუაროთ მათ, მათგან ორი მეტრის დაშორებით დაჯდომა რთულია …
– დღესდღეობით ადამიანებს უწევთ დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერის, ტელეფონის და ა.შ. გამოყენება.
რეკომენდებულია განათებული ოთახის პირობებში მუშაობა, სადაც გარკვეული პერიოდულობით მოხდება ოთახის განიავება.
სასურველია მოხდეს ნახევარ საათში ერთხელ შესვენება. თვალების ვარჯიში, რაც გულისხმობს წრიულად თვალების მოძრაობას.
ასევე აუცილებელია ხელოვნური ცრემლი, რომელიც დაეხმარება თვალებს დატენიანებაში და იმ უარყოფითი გავლენის შემცირებაში, რაც გამოიხატება თვალების სიმშრალეში და წვის შეგრძნებაში.
რაც შეეხება კომპიუტერის, ტელეფონის და ა.შ, გაწმენდას სასურველია გარკვეული პერიოდულობით მათი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით