მზიურის მათემატიკური ინტერნეტ შეჯიბრი

0
მზიურის სასწავლო ცენტრის მათემატიკურმა ინტერნეტშეჯიბრმა მოსახლეობის საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებშიახალი დატვირთვა შეიძინა . ინტერნეტშეჯიბრში მონაწილეობა მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს. ინტერნეტშეჯიბრის ამოცანების ამოხსნა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მათემატიკურ ცოდნას. ამისთვის ლოგიკური აზროვნების უნარებია საჭირო. ინტერნეტშეჯიბრის ამოცანები სხვადასხვა სირთულისაა და მასში მონაწილეობა საინტერესო იქნება როგორც დამწყებების, ასევე უკვე გაწაფულებისთვისაც. ამოცანებში ხშირად მონაწილეობენ ქართული თუ უცხოური ზღაპრების გმირები, რაც აადვილებს და საინტერესოს ხდის ამოცანებზე ფიქრს. ამ ამოცანების საოჯახო განხილვა საუკეთესო საშუალებაა როგორც ბავშვების განვითარების, ასევე ერთმანეთთან ურთიერთობისათვის. მოკლედ მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის შესახებ: გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ამ ჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას. სელექციის ნაწილი სხვადასხვა აქტივობებისაგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი აქტივობა არის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბავშვებიც. ინტერნეტშეჯიბრი 2006 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლა, რომლის მიზანია ადრეულ ასაკში მათემატიკით დაინტერესებული ბავშვების აღმოჩენა. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაუსწრებელ ტურებად. მონაწილეობენ III-VI კლასის მოსწავლეები თბილისისა და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სკოლებიდან. ყოველი დაუსწრებელი ტურისთვის საიტზე (http://www.concurs.mziuri.ge), განყოფილებაში მიმდინარე ტური (http://concurs.mziuri.ge/current.php) გამოიკიდება ხოლმე 10 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გამოაგზავნონ მითითებულ ვადაში. ამის შემდეგ ეს ამოხსნები განიხილება, შეფასდება და გამოიკიდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა და მოსწავლეთა შედეგები). განყოფილებაში გავლილი ტურები (http://concurs.mziuri.ge/past.php ) ყოველთვის ჩანს უკანასკნელი 8-10 ტურის ანგარიში ანუ 80-100 ამოცანა თავისი ამოხსნებით. შეჯიბრში ორი ლიგაა – პირველი ლიგა შედარებით მარტივია და ხუთი ამოცანისგან შედგება. უმაღლესი ლიგა კი უფრო რთული ეტაპია. ჩვენი აზრით, ასეთი ტიპის სახალისო ამოცანების საოჯახო განხილვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში. მითუმეტეს, ასაკობრივი შეზღუდვები საერთოდ შეიძლება მოიხსნას და ერთნაირი წარმატებით მიიღონ მონაწილეობა, როგორც მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, ასევე მათმა მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა.
#Tbilisidaily
#მზიური
#ონლაინშეჯიბრი
0