გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკის ლიდერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ხისტი გახდება. მისი თქმით, აშშ-ში ეპიდემიის პიკი ახლოვდება.
„მომდევნო დღეებში აშშ ამ საშინელი პანდემიის პიკს გადაიტანს. ამ სასიცოცხლო ბრძოლაში ჩვენი მებრძოლები, შესანიშნავი ექიმები და ექთნები ფრონტის წინა ხაზზე დგანან. მათ წინაშე მუდამ მადლიერნი ვიქნებით. თუმცა, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 336 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 9 600 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში პანდემიის ეპიცენტრი ნიუ-იორკია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
#coronavirus
#trump
#covid19