კანონი ერთია ყველასთვის, დავრჩეთ სახლში, ესაა რეკომენდაცია და თხოვნა - გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140941 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და წირვა-ლოცვას ტელევიზიის საშუალებით ადევნონ თვალი. "ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი - ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის, "- თქვა გამყრელიძემ. გამყრელიძის განმარტებით, ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე დაყრდნობით მისი რეკომენდაციაა ის, რომ კანონის საწინააღმდეგოდ არ უნდა იმოქმედონ. "კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე იმ დიდი საშიშროებიდან ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია... დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანი შეიკრიბება, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართო მასშტაბის ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და რაც მთავარია, გარდაცვალება, "- თქვა ამირან გამყრელიძემ.
0