ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული კერძია, რომელსაც სამეგრელოს ყველა სოფელში აქტიურად ამზადებდნენ. დღეს მეგრული სამზარეულოს ეს უგემრიელესი კერძი ახალი თაობისთვის ნაკლებად ცნობილია.
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს, დაქუცმაცებულს.
ყველისგან მომზადებულ კერძს ასე იმიტომ ჰქვია, რომ ჭყინტი ყველი ხელით იფშვნება, რის შემდეგაც ემატება დაკეპილი პიტნის, ქინძის, წიწაკის და ნივრის სოუსი, ცოტა მარილით. ფუჩხოლიას მომზადება მარტივია, მთავარია ჭყინტი ყველი იყოს სწორად შერჩეული - კარგად მოსული, ისეთი როგორიც გამოიყენება ელარჯის მოსამზადებლად. შეკმაზული ყველისგან კეთდება პატარა ბურთები, რომელიც თავსდება ცხელ ღომში. რამდენიმე წუთში, როცა ცხელ ღომში ყველი დნობას დაიწყებს, განსაკუთრებულ გემოს იძენს და ძალიან გემრიელია.
თანამედროვე სამზარეულოში ფუჩხოლიამ ძველი ინტერპრეტაცია დაკარგა და დღეს ასე ამზადებენ:
ინგრედიენტები
500 გრ. ღერღილი
100 გრ. სიმინდის ფქვილი
500 გრ. ჭყინტი სულგუნი
200 გრ. შებოლილი სულგუნი
150 გრ. სულგუნის ჩხირები
350 გრ. ნადუღი
100 გრ. პიტნა
50 გრ. ქინძი
150 გრ. ნიგოზი
10 გრ. ხმელი ქინძი
10 გრ. უცხო სუნელი
10 გრ. ყვითელი ყვავილი
5 გრ. ძირა
4 კბილი ნიორი
50 გრ. წითელი აჯიკა
5 გრ. დაღერღილი წიწაკა
300 გრ. ჭარხალი
300 გრ. სტაფილო
30 გრ. ვარდისფერი მარილი
საფეხური 1
თავდაპირველად ამზადებთ ღომს: გავრეცხოთ ღერღილი და ჩავყაროთ დიდ ქვაბში. დავასხათ წყალი ისე, რომ ქვაბი გაივსოს ნახევრამდე. ხარშვისას, ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაშოროთ კოვზით. სქელი ფაფის მიღების შემდეგ, დავამატოთ სიმინდის ფქვილი და მოვურიოთ ხის კოვზით. დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა იქამდე, სანამ ღერღილი მთლიანად არ დარბილდება.
საფეხური 2
ნადუღში შევურიოთ პიტნის ფოთლები, ქინძი და გახეხილი შებოლილი სულგუნი. დავყოთ ბურთულებად. სულგუნის ჩხირებს შევურიოთ აჯიკა. ნიგოზი დავაბლენდეროთ სუნელებთან და ნიორთან ერთად. დავასხათ მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი იმისთვის, რომ ნიგოზმა მიიღოს თეთრი ფერი. სქელ მასას დავამატოთ მარილი გემოვნებით. შევურიოთ გახეხილი სტაფილო. მოხარშული ჭარხალი ასევე გავხეხოთ და შევურიოთ პიტნა. ჭყინტი სულგუნი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცხელ წყალში. დარბილებულ ყველის ნაწილს შევურიოთ შეზავებული სტაფილო, ხოლო მეორე ნაწილს შეზავებული ჭარხალი. შეახვიეთ ერთმანეთში და დაჭერით 2სმ. სისქეზე.
სერვირება
ეს ყველაფერი მოათავსეთ ცხელ ღომზე და გემრიელად მიირთვი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კერზი
#ტრადიცია
#სამეგრელო
#გემო
#zugdididaily