კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს - ომბუდსმენი
196 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140977

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირება პრიორიტეტული უნდა იყოს.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ის ინფორმაციით, მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.

მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით განთავსდებიან, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.

სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.

თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს ტელეფონის ნომრებს, რომელზე დაკავშირებაც უფლებების დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი:

სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზი - 1481;

აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ მურად გუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73,

სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე - 595 80 78 44.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment
Similar Posts