თუ ვინმემ 200 ევროზე მეტი გადაიხადა ბილეთში და დაბრუნდა საქართველოში, მზად ვარ, პასუხი ვაგო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140993 შეუძლებელია, ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს გადაყიდვა - საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი "სიცრუესა" და მავნებლობას" უწოდებს ინფორმაციას, რომელიც ავიაბილეთების ე.წ. შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ ვრცელდება. დავით ზალკალიანის განცხადებით, თუკი ერთი მგზავრიცაა, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200 ევროზე მეტი თანხა, იგი მზადაა, "პასუხი აგოს" ამაზე. მანვე დააზუსტა, რომ ის არ მოიაზრებს ამაში ადრე, კომერციული რეისების დროს გაყიდულ ბილეთებს. „ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი გადაყიდვა და სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია. იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი გვარი და მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან. დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორე პირზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, გთხოვთ, თუ ერთ მაგალითს, ან ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს წარმოადგენთ, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200 ევროზე მეტი თანხა, ეს იქნება ინტერვიუს სახით, ან გამოვა ეს ადამიანი და იტყვის, რომ მან 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრე არის გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ჰქონდა ადრე გამოცხადებული, სანამ დაიწყებოდა სპეცრეისები. ამიტომ ამის შესახებ ჩვენ მუდმივად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც ადრე გაცილებით განსხვავებულ ფასში, შესაძლოა, უფრო მეტადაც, კომერციულ ფასად ჰქონდა ესეთი ბილეთები, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია. რა თქმა უნდა, ვალდებულებაა კომპანიის, რომ დააბრუნოს, მაგრამ არის რაოდენობა, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალ გაყიდვაში იძენენ ამ ბილეთებს და ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, როგორც კომპანიის მხრიდან, ისე საბჭოს მხრიდან, რომ ეს ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
0