0
ახლა მე ღმერთიც არ გამიწყრება, ჩემთვის ვარ მხოლოდ, ჩემთვის და ჩუმად.. გული კი მაინც საშინლად მწყდება, რომ შენზე ფიქრებს დღითიდღე თუნდაც თანდათანობით გადავეჩვიე. დავტოვე თითქოს ბუნაგი, სორო, ყველა ტკივილი გამორჩეულად მტკივდება ღამით. ვარსებობ, ვცხოვრობ თუ როგორც ჰქვია ან როგორც ხდება. ვერ მოუძებნი ყველაფერს სახელს, და როცა მთვარე ფანჯრებში ძვრება და სხვების პირად ცხოვრებას არჩევს, და სხვების პირად სურვილებს ებრძვის და სხვების პირად სიზმრებით ტკბება, ბოლოს და ბოლოს ხედავს და ესმის სხვა რასაც ღმერთის წინაშე ჰყვება, ასეთ დროს ვიწყებ წერას და ვხვდები, (ასეთი დროა ზუსტად და ვიცი) რომ მე შენს გამო ვერ ვახერხებდი საკუთარ თავზე აქამდე სიცილს. ახლა კი მთელი ცხოვრება - გროში, ჩემი არსება - მკვახე და ბუნდი, ზოგჯერ მგონია ერთ დღესაც ომში გამიშვი, მაგრამ აღარ დავბრუნდი. ვერ დაგიბრუნდი, ვეღარც მოგწერე, ვეღარც გნახე და ვეღარც გითხარი, რომ ყველაფერი გამოვასწორე გარდა იმის რომ ისევ მიყვარდი, რომ მე შენს გამო ვხოცე და მხოცეს, მხოლოდ შენს გამო ვკლავდი და მკლავდნენ, მთელი არსებით, სულით თუ ხორცით ისევ ვეტრფოდი, ისევ მიყვარდნენ ჩემი მფარველი თეთრი ხელები. ახლა კი გული საშინლად მწყდება, დიდი ხანია შენი ხალები რაც აღარ მახსოვს, ან მავიწყდება რომელ მკერდს ქვემოთ იყვნენ და მორჩა... (ეს ლექსიც მიწას, დროსა და ჭიებს) ძალიან ვწუხვარ.. ჩემთვის ვარ, ჩუმად.. მე შენზე ფიქრებს გადავეჩვიე. დ.სულთანიშვილი
0