„ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის“ – ამერიკის საელჩო 9 აპრილს დაღუპულთა ხსო

0
„პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა“, - ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში 9 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებს. 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილ განცხადებას ამერიკის საელჩო facebook გვერდზე ავრცელებს. „ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა. იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა“, - ნათქვამი საელჩოს განცხადებაში. ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.
0