რა პლატფორმები გამოვიყენოთ ონლაინ სწავლებისთვის?

0
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ საზოგადოებაში სოციალური დისტანციის და თვითიზოლაციის საჭიროება გააჩინა. ვირუსის გავრცელებამ ყველა დასახლებული კონტინენტი მოიცვა და უამრავი ადამიანის, მათ შორის ჩვენი და გარშემომყოფების ყოველდღიურობა შეცვალა. ისევე როგორც კერძო ბიზნეს სექტორის ბევრი წარმომადგენელი “რედბერიც” ამ კვირის დასაწყისიდან სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. კომპანიაში აქამდე არსებულ ციფრულ ინვენტარს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელსაწყო დავამატეთ და საბოლოოდ ასეთი სამუშაო პროცესი მივიღეთ: ნებისმიერი შიდა კომუნიკაციისთვის ვიყენებთ – Slack-ს; Task მენეჯმენტისთვის ვიყენებთ – Notion-ს და Jira-ს (ციფრული პროდუქტების გუნდში); კოლაბორაციისთვის ვიყენებთ – G Suite-ს GitHub-ს (დეველოპმენტისთვის), Figma-ს (დიზაინისთვის); როგორც შიდა, ასევე კლიენტთან ხანგრძლივი ციფრული შეხვედრებისთვის ვიყენებთ ZOOM-ს, მოკლე შეხვედრებისთვის რაც ხელში მოგვხვდება (მაგ.: Google Hangouts), მთელი დღით ძმაკაცობისთვის Discord-ს. ამ ყველაფერზე ვრცლად მოგვიანებით მოგიყვებით, ახლა არსებული მდგომარეობა განვიხილოთ. განათლების უმეტესი სისტემები არ აღმოჩნდნენ მზად ეპასუხათ ვირუსის გავრცელების შედეგად ადამიანების სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციით გამოწვეულ პრობლემებზე. შედეგად გვაქვს ის, რომ ამჟამად სასწავლო პროცესები, მეტწილად, შეჩერებულია. სხვადასხვა საფეხურზე ფრაგმენტირებულად გვხვდება დისტანციური სწავლების ინსტრუმენტები, რომლებიც არა არის საყოველთაო და დღეს არსებულ გამოწვევებს სრულად ვერ პასუხობს. ჩვენ არ ვართ განათლების ექსპერტები, თუმცა ციფრულ პროდუქტებთან მეგობრობის დიდხნიანმა გამოცდილებამ და მცირედმა მოკვლევამ მოცემულ საკითხზე გადაგვაწყვეტინა, რომ დღესდღეობით შექმნილი პრობლემების ჩვენეული გადაჭრა შემოგვეთავაზებინა. ჩვენ წარმოგიდგენთ დისტანციური სწავლების განხორციელების ჩვენეულ გზას, რომლის დანერგვასაც არ დასჭირდება დიდი დროის და რესურსის ინვესტიცია და მოკლევადიან მომავალში პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზაა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში დახვეწილი Enterprise Solution-ები აუცილებლად დასანერგია. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ასჯერ გაზომვა და სიზუსტით გაჭრა სჭირდება, რამდენადაც ისინი ძვირადღირებული, შედარებით რთულად დასანერგი და კარგად ასათვისებელი პროდუქტებია. აქედან გამომდინარე შევჯერდით, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტა უნდა იყოს ნებისმიერი პროფილის სწავლებისთვის მარტივი, იოლად გასაგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი. დისტანციური სწავლების ფუნდამენტური კომპონენტი არის ლაივსტრიმინგი. ლაივსტრიმის ფუნქციაა ცოცხლად (ე.წ. ლაივში) გადასცე ვიდეო და აუდიო გამოსახულება რომელიმე პლატფორმის საშუალებით (მაგ, : YouTube Live, ZOOM, Google Hangouts და ა.შ.). ჩვენი ხედვით, ციფრული პროდუქტი, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებლები გამოიყენებენ ერთ მთავარ ამოცანას უნდა ასრულებდეს – მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან. ამ საკითხზე ფიქრისას კიდევ არის რამდენიმე საკითხი რაზეც ყურადღება გავამახვილეთ: ლექციის ჩაწერის და მოგვიანებით ნახვის ფუნქცია; პროდუქტები, რომლებსაც ავარჩევთ იყოს ნაცნობი მომხმარებლისთვის (ან ნაცნობი UX მაინც ჰქონდეს); უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, მარტივად ათვისებადი და ინტუიტიური გამოყენების, რათა მომხმარებელი მალე ადაპტირდეს; ეს პროდუქტები რთულად ათვისებადი და გამოყენებადი არ უნდა იყოს (მაგ.: რთული რეგისტრაცია, მეილით დადასტურება და ა.შ.); რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იყოს ინტერაქტიული. ამ საჭიროებების გასიგრძეგანებამ ჩვენს ფიქრს კონკრეტული მიმართულებები მისცა და ის ფრაგმენტული ამოცანები დაგვანახა, რაც პროდუქტების დანერგვამ უნდა გადაჭრას: ლექციების ლაივსტრიმინგი სრულყოფილი ლექციის/გაკვეთილის ჩატარებისთვის გვჭირდება მოვძებნოთ კონკრეტული საჭიროებისთვის საუკეთესო პროდუქტი. გამოიყო ორი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი: ვიდეო კონფერენციის და ეკრანის გაზიარების საშუალება. ლექტორისთვის მნიშვნელოვანია საპრეზენტაციო მასალას ყველა სტუდენტი ერთად ხედავდეს. ამას პროდუქტებში ჩაშენებული Screen sharing-ის ფუნქციონალით შეძლებთ. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ორი პროდუქტი ავარჩიეთ, რომელიც შესაბამის სიტუაციას ყველაზე მეტად მოერგება. მცირე აუდიტორიისთვის – მოვიაზრებთ მასწავლებელს/ლექტორს და რამდენიმე მოსწავლეს. მაგალითად, საგაკვეთილო კლასი, უნივერსიტეტის პატარა აუდიტორიაში ლექცია ან სემინარი. აქ ჩართულობა მნიშნველოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, სასურველია ყველა მონაწილის კამერა მუშაობდეს. ხმაურის თავიდან ასარიდებლად, მასწავლებელს შეუძლია ვიდეო კონფერენციის ყველა სხვა მონაწილეს გამოურთოს მიკროფონი, სურვილის შემთხვევაში კი მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი მიკროფონები ჩართონ და შეკითხვა დასვან ან მოსაზრება დააფიქსირონ. Zoom სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ამ მოცემულ დავალებებს იდეალურად გაართმევს თავს. დიდი აუდიტორიისთვის – კი შეგვიძლია ამ შემთხვევაშიც მივმართოთ Zoom-ს, მაგრამ წარმოიდგინეთ ღია ან საჯარო ლექცია ან თუნდაც 50 სტუდენტიანი აუდიტორია, სადაც ყველა მოსწავლეს ვიდეო და აუდიო სტრიმინგი აქვს ჩართული. დიახ, ნამდვილად რთულად გამოიყურება ეს ყველაფერი. ამიტომ ასეთი საჭიროებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტი გვჭირდება. ჩართულობის პრობლემა რომ დავძლიოთ პროდუქტს აქვს ტექსტური ჩათი, რომელშიც ნებისმიერ პირს შეუძლია აზრის დაფიქსირება.
#ონლაინპლატფორმა
Tbilisi
0