http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141082
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული გამოკვლეული პირები ამ დროისთვის 108-ს შეადგენს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ნიჟარაძისვე თქმით, მათგან 40-ის ლაბორატორიული ნიმუშები უკვე აღებულია, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და ოჯახის წევრების.
ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში ოჯახთან იმყოფებოდა სტუმრად, რის შემდეგაც მას მუცლის მწვავე ტკივილის გამო 4 აპრილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ჯდებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს 55 წლამდე პაციენტი სახლში გაწერეს, თუმცა იმავე საღამოს მეორედ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც ივარაუდეს, რომ ქალს, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონოდა, რის შემდეგაც მას ნიმუში აუღეს და ვირუსი დაუდასტურდა.
55 წლის ქალის შემთხვევის დადასტურების შემდეგ ნიმუშები აუღეს მის ოჯახის წევრებსაც ქობულეთში, სადაც 5 ადამიანს ასევე დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მათ შორის ქალის მამაც, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა 55 წლის ქალს ახალ კორონავირუსზე ტესტი თავიდანვე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს, რომ მას ისეთი ჩივილები ჰქონდა, რაც დაახლოებით, ამ დაავადებების მქონე მხოლოდ 5%-ს ახასიათებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევის დეფინიცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით იცვლებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა მიდგომაც.
"უკვე მომდევნო დღეებშიც და თვის ბოლოსაც გვქონდა შესაძლო შემთხვევის განმარტება, რომელიც იყო ძირითადი რესპირაციული ჩივილი და ეპიდანამნეზი, მაგრამ ეს არ ითვალისწინებდა, მხოლოდ აღნიშნული პირის მოგზაურობას, ეს იყო კონტაქტი ეპიდანამნეზის მქონე პაციენტთან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს პაციენტი შესაძლოა არ ყოფილიყო შესაძლო პაციენტად იდენტიფიცირებული და როგორც პნევმონია, ისე მოხდა მისი მართვა... ეს კლასტერიც რეტროსპექტრული დაკვირვების შედეგად გავარკვიეთ. დღეს უკვე ჩვენი მოცემულობა გახლავთ უფრო მგრძნობიარე. პრაქტიკულად ეპიდანამნეზი არის წამყვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევა, რომელსაც აქვს გამოხატული დამახასიათებელი რესპირაციული ჩივილები, უკვე განიხილება მგრძნობიარე შემთხვევად, "- ამბობს ნინო ნიჟარაძე.
"ტაბულა"