ბზობაზე წირვა-ლოცვა ჩატარდება

0
გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმის ეკლესიებში ბზობის წირვა-ლოცვა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად ჩატარდება. გამოცემას ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელაშვილმა განუცხადა. გორელაშვილის განცხადებით, მრევლი ეზოში იქნება და ორმეტრიან დისტანციას დაიცავს. ზიარება, მართალია, ტაძრის შესასვლელთან ჩატარდება, თუმცა მისი წესი არ შეიცვლება - ყველა ისევ საერთო კოვზიდან ეზიარება. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის ტერიტორიაზე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის პანდემიის რეალური საფრთხის მიუხედავად, ღვთისმსახურების წესი არ შეცვალა და საერთო კოვზის გამოყენებაში ვერანაირ რისკს ვერ ხედავს. რა საფრთხეს შეიცავს ერთი კოვზით ზიარება? თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრი შემდეგია: " მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს". ცნობისთვის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა ლიტურგიის წესი შეცვალეს და მრევლს ხალხმრავალი შეკრებისკენ არ მოუწოდებენ. რომის პაპმა გასულ კვირას წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა, პროცესი კი მორწმუნეებისთვის ონლაინ იყო ხელმისაწვდომი.
#ბზობა
#წირვა
#BatumiDaily
0