33 votes
1 comments
shares
Save
ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
244 reads
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago

მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს, ქართველი თეოლოგები დახმარების თხოვნით მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, მსოფლიო საპატრიარქომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკლესიაზე. კერძოდ, კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვან მრევლი.

„უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,XXI საუკუნის ახალი მტერი – ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი. ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ“- ნათქვამია განცხადებაში.

#politics #news #opinion #photo #coronavirus Tbilisi Batumi
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago
33
Write a comment