ადვოკატი ბაჩალიაშვილის ლეპტოპზე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არა პროგრამისტის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თანახმად, გარდაცვლილის პირადი ლეპტოპის გახსნის შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმოწერის პროგრამები კომპიუტერში ლოკალურად დაყენებული არ ყოფილა: „ანუ ფეისბუკი, ინსტაგრამი საერთოდ არ არის ლეპტოპში თურმე. ამავდროულად სისტემური და მომხმარებლის ფოტოებია 193 000 და ვიდეოები არის 488. და რაც საინტერესოა არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მედიასთან მან აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის მიხედვით,  ძნელია იმის თქმა, რომ ეს ლეპტოპი პროგრამისტს ეკუთვნოდა: „იცით, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთოდ ეს არათუ პროგრამისტის, არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი განმარტებით, ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში ბოლოს 18 ივლისს, 10:02 საათზეა შესული. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს, 4 აგვისტოს გაეცნო გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის კლონირებისა და დეშიფრაციის დასრულების შემდეგ  მიღებული ექსპერტიზის შედეგებს.  23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30765600.html #ახალი_ამბები #twitter