სად მთავრდება აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა?

Zugdidi Daily

ხობის მუნიციპალიტეტს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ბარის ცენტრალური ნაწილი უკავია. ეს ის რეგიონია, სადაც კოლხური კულტურის ჩასახვა-განვითარება მიმდინარეობდა. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ მთავრდებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა. ეს იყო აღმოსავლურ-დასავლური კულტურების შეხვედრებისა და დიალოგის ადგილი. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით , აქ შევხვდებით 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლს. მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძველი წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი. სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნით. სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებერვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან ოციოდე მეტრში ბრინჯაოს გრიფონი აღმოჩნდა, რაც ჩვენში მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია. სამეგრელოში მითრას - მირსას, მისარონს უწოდებდნენ. იგი სინათლის სიმბოლო იყო. გრიფონის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი დიდი თვალებია. ხეთაში აღმოჩენილი გრიფონი წინა ქრისტიანულ ხანაში აქ არსებული სალოცავის მთავარი კულტმსახურის ტახტის სამშვენისი უნდა იყოს. ქრისტიანულ ეპოქაში გრიფონები გამოიყენებოდა ნაგებობის სამშვენისად და აღდგომის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.1961 წელს ხობის რაიონული ცენტრი დაბად გამოცხადდა, ხოლო 1981 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამჟამინდელი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხური სახელმწიფოს ცენტრში მდებარეობდა და იგი კოლხურ კულტურასა და ეკონომიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. დღეისათვისაც ხობის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებში და დღესაც არსებობს ბუნებრივ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რესურსები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ხობმა კვლავ შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ის ასრულებდა ძველად და აქტიური მონაწილეობა მიიღოს არამარტო ქვეყნის ცხოვრებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო:ხობის მუნიციპალიტეტის მერია ფოტო: Georgian Travel Guide ვიდეო: Sputnik #სამეგრელო #ხობი #აბრეშუმისგზა #zugdididaily