ისრაელს კოალიციური მთავრობა ჰყავს
Tbilisi Daily
ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა.
ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს. ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში 36 პოსტი იქნება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტს ახალი მთავრობა დღეს წარუდგინა.
„ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.
თავის მხრივ, განცმა საკანონმდებლო ორგანოში მიმართვისას აღნიშნა, რომ „ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდა“.
500-დღიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ისრაელს პრემიერ-მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 18 თვის განმავლობაში ჩატარებული სამი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისრაელის ეროვნული ერთობის მთავრობის ინაუგურაცია გაიმართა.
ახალი მთავრობა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა ყოფილმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ცენტრისტმა ბენი განცმა შექმნეს. ისრაელის რიგით 35-ე მთავრობამ ფიცი საკანონმდებლო ორგანოში, ქნესეთში დადო.
ახალ მთავრობას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგი იყო. სამწლიანი კოალიციური შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი 18 თვის განმავლობაში იქნება, შემდეგი 18 თვე კი ქვეყნის მთავრობას ბენი განცი უხელმძღვანელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის დროს ბენი განცი თავდაცვის მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი იქნება.
ფიცის დადების ცერემონიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ებრაული დასახლებების ანექსიის მოწოდება გააჟღერა, რაც, მისი თქმით, პალესტინელებთან მშვიდობას უზრუნველყოფს.
„დადგა დრო, რომ დასახლებებზე ისრაელის კანონი გავრცელდეს და სიონიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
#news#მსოფლიო#ისრაელი#კოალიციური მთავრობა#Tbilisi Daily#
#Dailynews