114 მილიონი ფუნტი! უიმბლდონი პანდემიაზე დაზღვეული იყო

0
2020 პირველი წელია მეორე მსოფლიო ომის (1945) შემდეგ, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, უიმბლდონის ღია პირველობის გარეშე ჩაივლის. უიმბლდონი 29 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა ტურნირის ორგანიზატორთა გეგმებში ცვლილებები შეიტანა. თუმცა ორგანიზატორებისთვის ეს დიდ ფინანსურს ზარალს არ ნიშნავს, რადგან უიმბლდონი ერთადერთი ტურნირია, რომელიც პანდემიაზე დაზღვეული იყო! ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტურნირის ორგანიზატორები შესაბამისი სადაზღვეო კომპანიისგან 114 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 130 მილიონი ევრო) მიიღებენ. როგორც გაირკვა, უიმბლდონის ღია პირველობა პანდემიაზე 2003 წელს დააზღვიეს და მას შემდეგ, ლეგენდარული ტურნირი სადაზღვეო კომპანიას წელიწადში 1, 8 მილიონ ევროს უხდიდა. ‘თაიმსის’ ინფორმაციით, 2003 წელს უიმბლდონის პანდემიაზე დაზღვევის მიზეზი SARS-ვირუსი იყო, რომელიც ძირითადად აზიაში გავრცელდა და დაახლოებით 800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ცნობით, ტურნირის გაუქმებამ უიმბლდონის ღია პირველობა დაახლოებით 300 მილიონი ევროთი აზარალა, თუმცა დაზღვევიდან ამ თანხის თითქმის ნახევარი ანაზღაურდება. “გაგვიმართლა, რომ დაზღვეულები ვართ. ეს თანხა ძალიან დაგვეხმარება, ” - განაცხადა უიმბლდონის ღია პირველობის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ ლუისმა ‘გარდიანთან’ ინტერვიუში.
#news
0