Facebook ამატებს ახალ ფუნქციას, რომ სოციალურ ქსელში ნაკლები დრო გაატაროთ

0
Facebook ცდილობს უფრო მარტივი გახადოს, მოწყდეთ მის აპლიკაციასა და შეტყობინებებს, რომელიც მაშინაც მოგდით, როცა უშუალოდ პლატფორმაზე არ იმყოფებით. ის უშვებს ახალ ფუნქციას – ჩუმ რეჟიმს (Quiet Mode), რომელიც ყველა მომხმარებლისთვის, სავარაუდოდ, ივნისში გახდება ხელმისაწვდომი. ახალი ფუნქციით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის მიიღოთ აპლიკაციიდან შეტყობინებები და როდის გააჩუმოთ ის. მეტიც, თუ მანამ ეცდებით ფეისბუკზე შეხვიდეთ, სანამ „ჩუმი რეჟიმის“ დრო ჯერ კიდევ არ გასულა, იღებთ გაფრთხილებას ამის შესახებ. ეკრანზე დაეწერება, რომ თქვენ შეძლებთ ფეისბუკზე შესვლას, დავუშვათ, 15 წუთში, რადგან თქვენ მიერ დაწესებული „ჩუმი რეჟიმის“ დრო სწორედ ამდენ წუთში იწურება. „ჩუმი რეჟიმი“ იმ ინსტრუმენტებზე, ასე ვთქვათ, დაშენდა, რომელიც დროის მენეჯმენტის მიმართულებით, ფეისბუკმა 2018 წელს შეიმუშავა. ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლეოდა მიგვეთითებინა დროის ლიმიტი, მაგალითად, დღეში რამდენ საათს მოვიხმარდით სოციალურ ქსელს. ამჯერად კი, იმის განსაზღვრა გახდა შესაძლებელი, რამდენ ხნით არ მოვიხმართ სოციალურ ქსელს. ახალ ფუნქციასთან ერთად, უფრო მრავალფეროვანი ხდება სტატისტიკაც – შეგვიძლია ვნახოთ, ორკვირიან პერიოდში, რამდენი ხნით ავარიდეთ თავი სოციალურ ქსელში ყოფნას. „ჩუმი რეჟიმი“ ფეისბუკს COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საპასუხოდ შემოაქვს. იზოლაციამ გაზარდა სოციალური ქსელების მოხმარება. Quiet Mode ზოგი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, ფეისბუკში ამბობენ, რომ მას iOS-ის მომხმარებლები მაისის განმავლობაში მიიღებენ, ხოლო Android-ის ყველა მომხმარებელი მის გამოყენებას ივნისიდან შეძლებს.
#Facebook
#newmode
Tbilisi
0