მეუფე ნიკოლოზი - წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, ხალხი დაესწრება

0
ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული. „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს. „კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს. ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან. „უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ. მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება საფრთხე ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
0