1926 წლის 1 ივნისს, ლოს ანჯელესში დაიბადა ნორმა ჯინ მორტენსონი, რომელიც რამდენიმე წელში, ჰოლივუდის სიმბოლოდ იქცა და ის თავისი სასცენო სახელით მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
მერლინ მონრო იყო და არის მსახიობი, რომელიც სილამაზის ცვალებადი სტანდარტების მიუხედავად, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევა.მიუხედავად პოპულარობისა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან მრავალი დეკადის შემდეგაც არ გამქრალა, არის რეალური ისტორიები, რომლებიც მონროს საჯარო ცხოვრების მიღმა დარჩა.
გთავაზობთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს მერლინ მონროზე.
1. მერლინ მონროს საუბრის მანერა და ხმის დამახასიათებელი ტემბრი, სინამდვილეში მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის ერთგვარი მეთოდი იყო. ეს ტექნიკა მსახიობს მეტყველების პედაგოგმა ასწავლა. მეთოდმა გაამართლა და მონრომ არამხოლოდ სამსახიობო, არამედ მუსიკალური შესაძლებლობებიც გამოავლინა. მეტყველების პრობლემებმა მოგვიანებით კვლავ იჩინა თავი, როცა მონრო მუშაობდა თავის უკანასკნელ ფილმზე, სახელწოდებით - Something’s Got to Give.
2. ფილმში “საუზმე ტიფანისთან” მთავარი როლი შესაძლოა მერლინ მონროს შეესრულებინა. სწორედ მერლინი იყო ის ადამიანი, ვისაც პირველად შესთავაზეს ჰოლი გოლითლის პერსონაჟის განსახიერება. მერლინ მონრომ უარი მისი მრჩეველის და სამსახიობო ოსტატობის მასწავლებლის, პოლა შტრასბერგის გავლენით თქვა. შტრასბერგის პოზიცია იყო, რომ მონროს ე.წ. “საღამოს გოგონას” როლი არ შეეფერებოდა. მოგვიანებით, როცა როლზე ოდრი ჰეპბერნი დაამტკიცეს, ლიტერატურული ნაწარმოების “საუზმე ტიფანისთან” ავტორმა ტრუმენ კაპოტემ აღნიშნა რომ იმედგაცრუებული იყო Paramount Picture-ის ამ გადაწყვეტილებით.
3. საკულტო კაბა, რომელიც მერლინ მონროს მაშინ ეცვა, როცა პრეზიდენტ კენედის დაბადების დღის მისალოცი სიმღერა მიუძღვნა, კონკრეტულად მსახიობის ტანზე შეიკერა. კაბა ძალიან ვიწრო და თხელი იყო, მისი ფერი კი სპეციალურად შეირჩა, რომ მონროს კანის ტონალობას დამთხვეოდა. ბრილიანტები, რომლითაც სამოსი იყო გაფორმებული, მას შემდეგ დაამაგრეს, რაც მონრომ კაბა მოირგო. 1999 წელს, ეს კაბა აუქციონზე რეკორდულ ფასად - 1.26 მილიონ დოლარად გაიყიდა.
4.1953 წელს, მერლინ მონროს ფოტოები ჟურნალ PLAYBOY-ის ერთ-ერთ პირველ გამოცემაში გამოჩნდა. მოგვიანებით, ჟურნალის დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამ თანამშრომლობისა, ის არასდროს შეხვედრია მსახიობს და მხოლოდ ტეელფონის მეშვეობით ესაუბრა.
5. მერლინ მონროს ცხოვრების მომენტები, მისი ნაქონი ნივთები არაერთხელ გამოიყენეს კომერციული მიზნებისათვის. მონრო არის ერთ-ერთი ის მსახიობი, რომლის ყველაზე მეტი ნივთია აუქციონზე გაყიდული. 1999 წელს, მერაია ქერიმ მსახიობის დედის კუთვნილი თეთრი პიანინო იყიდა, ეს იყო ნივთი რომელიც მერლინის ბავშვობასთან იყო დაკავშირებული. პიანინო მერაია ქერიმ 662, 500 დოლარად შეიძინა. აუქციონის შემდეგ, მომღერალმა აღნიშნა, რომ მერლინ მონროს ნივთების აუქციონზე გაყიდვა სამარცხვინოა, ამის ნაცვლად ისინი მუზეუმში უნდა ინახებოდეს. მერლინის კუთვნილი ლურჯი ჯინსები შეიძინა ასევე ტომი ჰილფიგერმა. დიზაინერმა მათში 75, 000 დოლარი გადაიხადა.