სერგეი ლავროვი - მხარეები შეთანხმდნენ "მთიან ყარაბაღში" ცეცხლის შეწყვეტაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 10 ოქტომბერს, შუადღის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და „არსებითი“ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე, რომლის მიზანია მთიან ყარაბაღში ბოლოდროიონდელი საომარი დაპირისპირების შეწყვეტა. სერგეი ლავროვმა ეს განცხადა 10 ოქტომბრის დადგომისას, მოსკოვში გამართული 12-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარეობდა. ლავროვის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლასაც. ასობით ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარ დაპირისპირებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ იქნება შუამავალი გაცვლის პროცესში. შეთანხმების თაობაზე არ გაკეთებულა მყისიერი განცხადებები სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30885664.html #ახალი_ამბები #twitter