ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

Tbilisi Daily

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „მოსამართლემ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორს უნდოდა და არა ის, რაც სამართლებრივად იყო შესაძლებელი. ქალბატონი ნატალიას მიმართ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობდა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ „ეს გადაწყვეტილება უკანონოა. რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება. თუმცა, ვფიქრობ, მოსამართლემ საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე