ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელის, ეკატერინე სანიკიძის განცხადებით, პაციენტს, რომელიც 6 აპრილს კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემებით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.
მისივე თქმით, პაციენტს ე.წ. სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ. კორონავირუსზე ხელმეორედ გადაამოწმების შემდეგ, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღნიშნული ფაქტის გამო, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.
„პაციენტი 6 აპრილს შემოვიდა. გამოვიკითხეთ, ხომ არ ჰქონდა კორონავირუსის რაიმე სიმპტომი და „სწრაფი ტესტი“ ჩატარდა. ბოლო 2-3 კვირაა, ყველა საეჭვო შემთხვევას ვამოწმებთ. ამ ქალბატონის მონაცემებით, მას კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონდა და არც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. ე.წ. სწრაფი ტესტიც უარყოფითი მოვიდა. ამიტომ, 6 აპრილიდან მას კვლევები და მკურნალობა უტარდებოდა. მას ძირითადად გულით გამოწვეული პათოლოგიები აღენიშნებოდა.
როდესაც ამ ქალბატონის მეუღლეს COVID 19-ის ინფექცია დაუდგინდა, ბუნებრივია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით იმუშავა და კონტაქტების მოძიება დაიწყო, პირველ რიგში, მეუღლისა და ოჯახის წევრების. ასე გამოვლინდა ინფიცირება. ჩვენც შეგვატყობინეს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინა, ამიტომაც კლინიკაში მყოფი ქალბატონი უნდა გადაგვემოწმებინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩაატარა ტესტირება, რომელიც უფრო მგრძნობიარე და უფრო სანდოა. ამ ტესტით დღეს ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა.
ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიღება დავკეტეთ და არა კლინიკა. აუცილებლობა არ არის, რომ კლინიკა მთლიანად დავხუროთ და ნაოპერაციები პაციენტები სადმე გადავანაწილოთ, თუმცა ვისაც შემხებლობა ჰქონდა, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. დროებითი საბჭო შეიკრიბა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. როგორც კი პაციენტის ინფიცირების ფაქტი დადგინდა, მაშინვე შედგა სიები, ვისაც შეიძლებოდა მასთან 6 აპრილიდან დღემდე კონტაქტი ჰქონოდა“, - აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#პაციენტი
#tbilisidaily