კობახიძემ ძმებ ბერძენიშვილებს ბოლშევიკები უწოდა, თუმცა არ ახსენა გუშინდელი თავდასხმა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილსა და მის ძმას - პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან "იდენტობის შემარყევლები" უწოდა. ძმებ ბერძენიშვილებზე საუბრის დროს კობახიძე არ შეხებია გუშინ, 6 ივნისს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს.
"მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის, პირველ რიგში, ამ ერის დიდი წინაპრები, ეს არის მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია.
იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, პირველ რიგში, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და შესაბამისად, მარტივია მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ...
ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები - ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
ლევან ბერძენიშვილის დასაკნინებლად, რომელიც კობახიძემ "ეროვნული იდენტობის" მიმართ შეტევაში დაადანაშაულა, თქვა:
"ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო".
ხათუნა სამნიძის თანაფრაქციელმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კობახიძის განცხადებას ფსევდოპატრიოტიზმი უწოდა.
"ეს რაც გააკეთა ბატონმა კობახიძემ ხო იმ ძალადობის წახალისებაა, რაც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე იყო გუშინ", - თქვა გიორგი ვაშაძემ პარლამეტში.
ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე - გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის; თელავში კი ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31887030.html
Source: radiotavisupleba.ge