დაკარგული ტერიტორია და იდენტობა - აფხაზეთი.

Sokhumi Daily

აფხაზეთში ომი ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტერიტორიაზე გაჩნდა ცრუნაციონალისტური ხედვები, არასწორად დაწერილი ისტორია, გადატრიალებული ფაქტები. შემდეგ ამ ხალხს მისცეს იარაღი და ლეგიტიმაცია, შედეგად დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელსაც ნიკარაგუასა და ვენესუელას გარდა არავინ აღიარებს (აქაც, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენაა) რა მოხდა ომის შემდეგ ? რა ხდება დღეს ? კითხვები, რომელიც ყოველ ქართველს უჩნდება. იმის მიუხედავად, რომ პასუხი ცალსახაა, მაინც შევეცდები ჩემით თვალით დანახული, წაშლილი და გაუბედურებული იდენტობა დაგანახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი - ენა. აფხაზეთში საკუთარ ენაზე მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები საუბრობენ. საკომუნიკაციო ენა აქ რუსულია. საკუთარი ენა კი რაღაც გადმონაშთი კულტურასავით აქვთ, რომელის შესახებაც გაუგონიათ, ესმით, სადღაც ალბათ 3 წინადადებას წარმოთქვამენ, თუმცა აქ მთავრდება მათი "ენის ინტელექტი". ერის იდენტობის წაშლა კი სწორედ ენობრივი ბარიერის მოსპობითა და "ბატონის ენის" თავსმოხვევით იწყება. დღეს რომ აფხაზ ახალგაზრდას ჰკითხოთ, რატომ არ საუბრობს აფხაზურად გიპასუხებთ : "იცი რა, აქ რუსი ტურისტები ჩამოდიან, საჭიროა გვქონდეს კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ ჩვენც რუსულად ვლაპარაკობთ." ვალუტა, ავტოკეფალია - აფხაზეთს არ გააჩნია საკუთარი ვალუტა, ეკლესიაშიც წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობს, აქაც იგივე არგუმენტია, რუსები ჩამოდიან რუსული ფულით .. თუმცა ეკლესია ? პასპორტები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები - რეალურად, ე.წ აფხაზური პასპორტი მხოლოდ ფორმალობაა, მსგავსი ლეგიტიმაციის პასპორტის დაბეჭდვა ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს, რომელსაც სახლში ქსეროქსის აპარატი უდევს. ძირითად მასას აქვს რუსული პასპორტი, რასაც ისინი "უცხოეთის პასპორტს" უწოდებენ. სწორედ მის მეშვეობით კვეთენ საზღვრებს და გადაადგილდებიან, იღებენ რუსულ პენსიას, როგორც რუსეთის მოქალაქეები. ეს არის საკითხის მცირე მიმოხილვა, თუმცა აუცილებელი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორია რუსიფიკაციას განიცდის, თუმცა ამის გამო მხოლოდ მწუხარებას გამოვთქვამთ. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, რადგან საკითხი მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნებაზე არ დგას. მოსახლეობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც დამოკიდებული ხდება რუსეთზე, თანაც რეალობას თვალს არ უსწორებს, ან უსწორებს, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, ეგუება და სდუმს, რადგან საპირისპირო აზრი, იქ, ჩვენს ტერიტორიაზე, მკაცრად იდევნება. #აფხაზეთი #სოხუმი #გაგრა #პოლიტიკა #sokhumidaily