მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილებს არავინ ართმევს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენდნენ, განმარტა, რატომ ისხდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები დარბაზის ორივე მხარეს, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ოპოზიციისთვისაა განკუთვნილი. მისი თქმით, ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული: „საზოგადოების ნაწილში გამოიწვია გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულები. საზოგადოებას და მედიასაშუალებებს და იმ ჟურნალისტებს მათ შორის, ვინც ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ფრაქციის სხდომაზე, ბუნებრივია, ასე ადგილები არ არის პერსონალურად განაწილებული”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ და პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა: „ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ - არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღეა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. დღეს სამთავრობო პროგრამა „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია "ქართულ ოცნებას" წარუდგინა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში ოპოზიცია ჩართული არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები, რომლის შედეგებითაც "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობით გაიმარჯვა, გაყალბებულია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31014943.html #ახალი_ამბები #twitter