ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე: არც ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ეს შეხვედრა და ამის წინა შეხვედრაც არის მოსამზადებელი შეხვედრა მესამე რაუნდისთვის, რომ მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და რაღაცა ტიპის შედეგით დასრულდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
„რა გამოვა ვერ გეტყვით. არც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან. კომენტარისას მას ელჩებთან საუბრის დეტალები არ გაუმხელია.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილიდან იმართება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.
ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30968665.html
#ახალი_ამბები
#twitter