სირთე - „სამოთხეს კარიბჭე“
Interworld
ერთ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) მეამბოხე გენერალმა, მის დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ძალები ტრიპოლისკენ დაძრა და დედაქალაქი ალყაში მოაქცია.
ჰაფთარი ჯარებმა, ე.წ. თობრუქის მთავრობასთან თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით ლიბიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი და დედაქალაქ ტრიპოლის დაკავება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის ხელისუფლების დასახმარებლად, კონფლიქტში თურქეთის რესპუბლიკა ჩაერთო. „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) მალევე შეძლეს მოწინააღმდეგის მოგერიება და კონტრშეტევაზე გადასვლა.
თურქული სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, GNA-ს ძალებმა მცირე „ბლიც-კრიგი“ მოაწყვეს და დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს, ძირითადად ქვეყნის დასავლეთით.
„ეროვნული თანხმობის მთავრობის“ წარმატებებისა და ოფიციალურ ანკარასთან აქტიური თანამშრომლობის საპასუხოდ, მიმდინარე კრიზისში სხვა რეგიონალური სახელმწიფოებიც ჩაერთვნენ. რუსეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებების აქტიური ჩართულობით, ანკარა-მოსკოვს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა, კონფლიქტის მხარეები სირთესთან და ალ-ჯუფრასთან შეაჩერა.
სირთე, კრიზისის ყველა მხარესთვის ე.წ. იმ წითელ ხაზს წარმოადგენს, რომლის გადაკვეთაც შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
ანკარა-მოსკოვის მოლაპარაკებები და მხარეების „სირთესთან შეჩერება“ (ისევე როგორც სირიის იდლიბის შემთხვევაში), როგორც ჩანს არაფრის მომცემია და მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზეა გათვლილი. ლიბიის კონფლიქტში თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ, შესაბამისად ორივე სახელმწიფოს კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს და მათი პოტენციური „მოკავშირეობა და თანამშრომლობა“ შეუძლებელია.
თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებას აძლიერებს ანკარა-ტრიპოლს შორის მიღწეული ე.წ. საზღვაო შეთანხმება, რომელიც ურთიერთობებს აუარესებს როგორც კრემლთან, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სხვა ქვეყნებთანაც.
„ლიბიის ეროვნულ არმიასთან“ (LNA) მოპოვებული თურქული უპირატესობების შემდეგ, ამ ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში დამატებითი რუსული ძალები გამოჩნდნენ - კონფლიქტის მიმდინარეობაში ჩაერთო MIG-29-ის ტიპის ავიაცია და არაბთა გაერთიანებული საემიროების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატები (სექტემბერში ლიბიაში 2 რუსული მიგ-29 ჩამოვარდა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მოსკოვი კონფლიქტში ჩართულობას უარყოფს, დაკავებული პოლიტი რუსულ ენაზე საუბრობდა და გარდა ამისა რუსების ადგილზე ოპერირებას აშშ-ს აფრიკის სარდლობაც ადასტურებს).
რუსეთთან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც GNA-მ ალ-ვადიას სამხედრო ბაზა დაიკავა. ეს ერთის მხრივ იყო ტრიპოლის მთავრობის ტრიუმფი, ხოლო მეორეს მხრივ გენერალ ჰაფთარისა და მისი მოკავშირეებისათვის აქამდე არსებული სტრატეგიის შეცვლის სიგნალი, რადგან მოცემულ ვითარებაში ისინი უახლოეს მომავალში სრულად დაკარგავდნენ კონტროლირებად ტერიტორიებს.
ლიბიის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მხრიდან ალ-ვადიას ბაზის დაკავების შემდეგ, „ვაგნერის“ მებრძოლებისა და გენერალ ჰაფთარის ჯარების ალ-ჯუფრაში გადასროლა მოხდა.
ამის შემდეგ იყო ოფიციალური ქაიროს რეაქცია. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი ლიბიის სამოქალაქო ომში აქტიურად ჩაირთო, რადგან თურქების გაძლიერებასა და GNA-ს წინსვლაში საკმაო საფრთხე დაინახა.
ეგვიპტელმა ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა ანკარა და შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. მისი განცხადებები ოფიციალური ტრიპოლის მხრიდან „ომის გამოცხადების“ აქტად იქნა აღქმული. ეგვიპტემ შეიარაღებული ძალები მალევე განალაგა მისი ტერიტორიის დასავლეთ საზღვრებზე (ლიბიასთან), თუმცა ამ დრომდე, რაიმე სერიოზული ნაბიჯი არც ერთ მხარეს არ გადაუდგამს.
ალ-ჯუფრა და სირთე
გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა ალ-ჯუფრა 2017 წელს, ხოლო 2019 წლის ივნისში სირთე დაიკავა. ეს უკანასკნელი დედაქალაქ ტრიპოლიდან 300 კმ-ში მდებარეობს.
2020 წლის მაისში რუსეთმა ალ-ჯუფრაში 14 ერთეული MIG და SU-ს ტიპის თვითმფრინავები განალაგა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზას მარტივად არ დათმობდა.
მანამდე რამდენიმე თვით ადრე, LNA-მ თარჰუნა და ალ-ვათია დაკარგა, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პუნქტებია, მაგრამ რუსეთმა და კონფლიქტის სხვა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ალ-ჯუფრას არ დათმობდნენ.
რუსეთმა ასევე უარი განაცხადა თურქეთთან მოლაპარაკებების ახალ სერიაზე მას მერე, რაც ოფიციალურმა ანკარამ ეგვიპტის სამშვიდობო გეგმა უარყო. ამ ვითარებაში თურქეთის მთავარ მიზანს ორივე სტრატეგიული ქალაქის სწრაფი დაკავება წარმოადგენდა. მიზნის მისაღწევად გადამწყვეტ როლს სანავთობე ფაქტორი თამაშობს.
სირთისათვის შეტაკებები ივნისში იწყებოდა. იმ პერიოდში ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვია. დელეგაციის დაბრუნების შემდეგ მათ საბრძოლო მოქმედების შეჩერების შესახებ ბრძანება გასცეს, თუმცა პრემიერ მინისტრ ფაიეზ ალ-სარაჯის ანკარიდან დაბრუნების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯარები შეტევაზე გადავიდნენ.
აქედან ძალიან კარგად ჩანს მხარეების პოზიცია ხსენებულ სტრატეგიული ცენტრთან დაკავშირებით და რომ არც ერთი მხარე სერიოზულ დათმობაზე არ წავა.
რატომ არის სირთე ასეთი მნიშვნელოვანი „წითელი ხაზი“ ?
ქალაქი სირთე ლიბიის ცენტრალურ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და წარმოადგენს ე.წ. რეგიონულ სანავთობე ჰაბს (Oil Crescent”-ს).
სირთეს კონტროლით, კონკრეტულ სახელმწიფოს, მხარესა თუ დაჯგუფებას შესაძლებლობა ეძლევა პორტები - სიდრი, ლანუფი, მარსა ალ-ბრეგა და ზუვეტინა აკონტროლოს, სადაც 11 ერთეული, ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია.
სირთეს დაკავებით, კონკრეტულ ძალას შესაძლებლობა ექნება 350 კმ-იანი ტერიტორია აკონტროლოს, თითქმის ქალაქ ბენღაზამდე, სადაც ქვეყნის მთავარი ნავთობისა და გაზის მილსადენები გადის. გარდა ამისა, აქ ასევე მდებარეობს ქარხნები, ტერმინალები და საცავები.
ჰაფთარის მიერ ან რეგიონის ( Oil Crescent ) დაკავებამ, მას და მის მოკავშირეებს დიდი სიმდიდრე და შესაძლებლობები მოუტანა ( რის გამოც რეგიონალური ძალები - ეგვიპტე, ემირატები და რიგი სახელმწიფოები ლიბიის კონფლიქტში მის მხარეს აღმოჩნდნენ).
ომამდელ ლიბიაში, სახელმწიფო შემოსავლის 96% ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ მოგებას წარმოადგენდა. ქვეყნის სანავთობე მარაგი 48,3 მლრდ ბარელს, ხოლო ბუნებრივი აირი 1,5 ტრილიონ კუბს წარმოადგენს. შესაბამისად სირთე არის „Key City” რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად. მასზე კონტროლის დამყარება ომში გამარჯვებას ნიშნავს.
GNA-ს მიერ ქალაქ ალ-ვიშქას დაკავების შემდეგ, სამთავრობო ძალებმა სირთეს სამი მხრიდან შეუტიეს, მაგრამ LNA-ს საჰაერო რეიდების შემდეგ, მათ წინსვლა შეჩერდა.
ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი საომარო მოქმედებები შეჩერებულია და პერიოდულად მცირე ზომის შეტაკებები ხორციელდება. ყველაფერი მეტწილად თურქეთ-რუსეთის შეთანხმებაზე და რეგიონალური ძალების პოზიციაზეა დამოკიდებული (გადამწყვეტი სიტყვა პუტინ-ერდოღანის მოლაპარაკებებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება).
ლიბიაში თურქებს გრძელვადიანი ინტერესები ამოძრავებთ. მათ უკვე ჰყავთ ფართო სამხედრო წარმომადგენლობა ამ ქვეყანაში. ალ-ვათიას სამხედრო ბაზის დაკავების შემდეგ აქ მალევე გამოჩნდა თურქული სამხედრო ტექნიკა და წარმომადგენლობა. გარდა ამისა, ქალაქ მისრათაში თურქეთმა საზღვაო ბაზა გახსნა, რითაც ეგვიპტე და საფრანგეთი „გააღიზიანა“.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ანკარამ ალ-ჯუფრა დათმოს - სირთეს სანაცვლოდ.
ქალაქ სირთეს კონტროლი ოფიციალური მოსკოვის ინტერესებშიც შედის. ცნობილია, რომ რუსებს ამ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის გახსნა სურთ, რომელსაც ალ-ჯუფრასთან დააკავშირებენ. შესაბამისად გაიძლიერებენ პოზიციებს როგორ ლიბიაში, ასევე მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მოცემულ ეტაპზე, სირიაში მოსკოვი უკვე აკონტროლებს ტარტუსსა და ლატაკიას. რუსეთის ასეთი გაძლიერება თურქეთს, ისრაელსა და NATO-ს უქმნის საფრთხეს. ალიანსში ამას ხედავენ, თუმცა ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.
საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და მის ყოფილ კოლონიებში გავლენების გაზრდას ცდილობს. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პრეზიდენტმა მაკრონმა ლიბანში ორი ვიზიტი განახორციელა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი ასევე დაუპირისპირდა ერდოღანს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და თურქულ-ბერძნულ კონფლიქტში ოფიციალური ათენის მხარე დაიკავა.
საფრანგეთისთვის როგორც თურქეთის, ასევე რუსეთის „ლიბიური პოლიტიკა“ მიუღებელია. შესაბამისად ცდილობს ამ კონფლიქტში ჩარევას და საკუთარი „თამაშის წესების“ დამყარებას.
ზემოხსენებული მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც ლიბიის ცაზე ფრანგული ავიაცია გამოჩნდნენ. ცნობილია, რომ ფრანგებსაც აინტერესებთ სირთეს პორტი და ამ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგება სურთ. საფრანგეთი ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რის საფუძველზე გაძლიერდება და გამყარდება ფრანგული პოზიცია ლიბიაში.
აშშ არის ერთადერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ამ კონფლიქტში მაქსიმალურად არ ერევა. შეერთებული შტატების აქტივობა მხოლოდ „მშვიდობისკენ მოწოდებებით“ შემოიფარგლება. ტრამპის ადმინისტრაცია ამ კრიზისით აქტიურად არ არის დაინტერესებული, თუმცა რუსული წარმომადგენლობის ზრდის შემდეგ ამერიკელთა „განწყობა“ მცირედით შეიცვალა.
ზოგადად, ლიბიის „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, ამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო ომში უცხო ქვეყნების ჩარევა.
მოცემულ ეტაპზე მშვიდობის დამყარება და მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებლად მოჩანს, რადგან ჩართულ მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ არაერთ საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი პოზიციების დათმობა არავის სურს.
მომზადებულია ქამრან ოსმანლის მიერ.
#Libya #GNA #LNA #Sirte #Aljufra #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com