ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფება

Tbilisi Daily

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ცენტრი მონიტორინგს უწევს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს, ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში შემავალ ქვეყნებს და დიდ ბრიტანეთს. ბელგიის სამეფოში 27 ოქტომბრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 1390 შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 1379 შემთხვევით, მესამეზე ლუქსემბურგი 760 შემთხვევით. ხუთეულშია სლოვენია - 732 შემთხვევა და ნიდერლანდები - 694 შემთხვევა. ბოლო 24 საათში ბელგიაში გამოვლინდა 12 687 ინფიცირებული. გარდაიცვალა 89 ადამიანი. მეორე დღეა, ბელგიის დედაქალაქში 22:00 საათიდან 06:00 საათამდე, სხვა ქალაქებში კი 00:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. სულ ქვეყანაში აღრიცხულია 333 718 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 899 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 23 256 პაციენტი. კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპის დაწყებას 2021 წლის მარტიდან ვარაუდობენ. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო ლუვენის უნივერსიტეტი 3 ნოემბრიდან ნარინჯისფერ ზონად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლექციების 90% შობის დღესასწაულამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციის განსახილველად პარასკევს შეიკრიბება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.