განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დაპირების შესაბამისად, 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაიწყება.
მათივე ცნობით, სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელე გაკვეთილებიც ჩატარდება.
„პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის სატელევიზიო გაკვეთილების შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პირველმა არხმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა ერთობლივად განახორციელეს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და მათ შორის, პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
#ტელესკოლა
#ეთნუკურიუმცირესობები
#გაკვეთილი
#განათლება
#კორონავირუსი
#tbilisidaily